მებო ნუცუბიძის განცხადება :
„პროექტის მსვლელობისას ისე გამოვიდა, რომ პირველი კასტინგების მერე თითქმის აღარ ვყოფილვარ ჩემი თავი. თუმცა ამას ვიტანდი და ვუძლებდი იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც მომეცემოდა მთლიანად გამომემჟღავნებინა ჩემი მუსიკალური სამყარო და ამით ამენაზღაურებინა ის სიმღერები, სადაც არ ვიყავი საკუთარი თავი. სწორედ ამ იმედით ვაგრძელებდი მონაწილეობას იქს ფაქტორში და მიხაროდა, რომ თქვენც გვერდში მედექით და აქამდე მომიყვანეთ.
ფინალში რომ გადავედი, დიდი იმედი მქონდა, აქ მაინც შევძლებდი ისეთი სიმღერების შესრულებას, სადაც ჩემი ნამდვილი მუსიკალური მხარის გამოვლენის შანსი მექნებოდა.
სამი სიმღერა უნდა მემღერა , ოპტიმალური ვარიანტი ასეთი იყო: 1) Say (უკულელეთი) 2) მოდი წავიდეთ (გიტარით) და 3) Wrecking Ball (ჩემ ჯგუფთან, The BearFox-თან ერთად). სამწუხაროდ, სამიდან ორ სიმღერაზე უარი მივიღე.
ერთი "ზედმეტად დეპრესიული" აღმოჩნდა ფინალისთვის, მეორე კი გაურკვეველი მიზეზებით, არც ისე ცნობილი ჰიტი ფართო მასებისთვის. თუმცა მერე გაირკვა, რომ სხვა მონაწილე იმღერებდა ამ სიმღერას ფინალში, რამაც ძალიან დამწყვიტა გული და უსამართლობის შეგრძნება დამიტოვა, რადგან მე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მინდა ვიმღერო ეს სიმღერა და ყოველთვის უარს მებუნებიან "არასახალხო ჰიტის" მიზეზით. ხო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაილი საირუსის ჰიტზე მაქვს საუბარი.
წარმოიდგინეთ რამდენად რთული იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ ის სიმღერა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითხოვდი, არ მამღერეს და არც ფინალში მომცეს სიმღერის უფლება, სხვას უნდა ემღერა ჩემს ნაცვლად. მოკლედ, ვეცადე რამდენიმე დღე, რომ მემღერა ეს სიმღერები. თხოვნით, ხვეწნით. არაფერმა გაჭრა. და როცა უკვე მივხვდი, რომ საბოლოო იყო მათი გადაწყვეტილება და არ მამღერებდნენ, არჩევანი არ დამიტოვეს. ფინალში ცუდად სიმღერას (ვგულისხმობ "სხვანაირი მებოს იმიჯით სიმღერას"), მე ვარჩიე წამოსვლა“.
მასალის გამოყენების პირობები






