საკითხი თუ ვის შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური პატიმარი, განსაკუთრებით აქტუალური გახდა პარლამენტის მიერ განხორციელებულ მასობრივ ამნისტიასა და ბოლოდროინდელ გახმაურებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.
აშკარად გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების გამო, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრის ცნების სპეკულაციით ცდილობს გაამართლოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
პოლიტიკური პატიმრების თუ სხვაგვარად დისკრიმინაციული ნიშნით დევნილი ადამიანების არსებობა რა თქმა უნდა წინააღმდეგობაშია კანონის უზენაესობასთან, მაგრამ ამავდროულად კანონის უზენაესობა მოითხოვს პირისათვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებისას ობიექტური გარემოებების გათვალისწინებას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის წევრიცაა საქართველო, 2012 წლის 3 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია (http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/X2H-Xref-ViewPDF.asp?FileID=19150&lang=en) და განსაზღვრა ის კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პირის პოლიტპატიმრად ცნობას -
1. თუ დაპატიმრება დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევით, განსაკუთრებით აზრის, სინდისისა და რელიგიის, გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფით;
2. თუ დაპატიმრებას საფუძვლად დაედო მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი და ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩადენას;
3. თუ დაპატიმრება, როგორც ღონისძიება, აშკარად არ შეესაბამება იმ დანაშაულის სიმძიმეს, რომლის ჩადენაშიც იქნა პირი ბრალდებული ან მსჯავრდებული და დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული;
4. პოლიტიკური მიზეზით, პირის დაპატიმრება შეეფარდა დისკრიმინაციულად, სხვებისაგან განსხვავებით;
5. დაპატიმრება აშკარად უსამართლო და უკანონო სამართალწარმოების შედეგია, რაც ხელისუფლების მოქმედების პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.
რეფორმატორთა კლუბის აზრით, რეზოლუცია კრიტერიუმების გამოყენებაში, გულისხმობს როგორც პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებში მათ გათვალისწინებას - პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი, პარლამენტის დადგენილება, სასამართლოს მიერ საქმის გადასინჯვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და სხვ., ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ვალდებულების დაკისრებას გამორიცხოს პოლიტიკური მოტივები თავიანთ საქმიანობაში - გამოძიების დაწყება, ბრალდების წარდგენა, დაკავება და ა.შ.
ამ რეზოლუციით ევროპის საბჭომ დაადგინა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის სამართლებრივი ცნება.
ეროვნულ დონეზე მისი გამოყენება გამორიცხავს პოლიტიკურ სპეკულაციებს და უზრუნველყოფს საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ კანონიერი გზებით.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






