საქართველოს მხატვართა კავშირის, აფხაზეთის მხატვართა კავშირისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, დღეს, 3 ივლისს, 19 საათზე, გობელენის მუზეუმში (შარდენის ქ. 19) გაიმართება აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ხელოვნების თაყვანისმცემლები გაეცნობიან თემურ საბულუას, ბიძინა სიდიანის, ნინო ქაცარავას, ლუკა შელიას, ქეთინო შენგელიას, დინა ვეკუას, ალექსანდრე ჩაგუნავას, კესო გაგოშიძეს, ნინო ჭედიას, ეკატერინე ქარჩავას, ირაკლი მიზრახიბერიას, გიორგი ჟიჟიბაიას და ქეთევან ეფაძის სხვადასხვა მხატვრული საშუალებით საინტერესოდ შესრულებულ ნამუშევრებს.
როგორც აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენასთან დაკავშირებით გამოცემული კატალოგის წინასიტყვაობაში ცნობილი მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი აღნიშნავს: ”ხელოვნება ხელისუფლების გავლენის მიღმაა... ის ემსახურება გამოხატვის პლასტიკურ სრულყოფას. ამდენად, ჭეშმარიტი ხელოვნება არ ასრულებს სოციალურ-პოლიტიკურ დაკვეთას, არამედ, ვითარდება დროსა და სივრცეში, ღრმა კულტურული ფესვებიდან ნასაზრდოები(რასაც, ძირითადად ბავშვების შემოქმედებაში ვხვდებით). ვიმედოვნებთ, რომ ნიჭიერებასთან შერწყმული ეს გულწრფელობა და სიხალასე ბოლომდე გაჰყვება მათ შემოქმედებას”.
მასალის გამოყენების პირობები