კვირიკაშვილის თქმით, ყველა საკანონმდებლო საფუძველი არსებობდა კორპორატიული ინვესტორებისთვის და კომერციული საბანკო სისტემისთვის, რათა საკუთრების უფლება არ შეზღუდულიყო.
,,ამიტომ, მორატორიუმის პრობლემატურობა ჩემი აზრით დღის წესრიგში აღარ იდგა. ახლა რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრივატიზაციის განახლებას - გუშინ, ჩემი მითითებით, ახალი საპრივატიზაციო ლოტების გამოტანა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილში შევაჩერე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ახალ მექანიზმებს, რათა საუკეთესო ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, შევქმნათ ის კონტროლის მექანიზმები, რომელიც არ დაგვაყენებს სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე. მორატორიუმი სწორედაც გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან სერიოზული, სოციალური პრობლემის წინაშე ვიდექით და შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო არაპროგნოზირებადი სცენარით", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციისას უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები, მისივე განმარტებით, ასეთი რამ არსებობს ბევრ ევროპულ ქვეყანაში
,,ჩვენ არანაირად, არავინ არ გვავალდებულებს ვიყოთ ულტრალიბერალურები ამ მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული თავისებურებები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არ ვართ უხვმიწიანი ქვეყანა, ვცხოვრობთ რთულ რეგიონში და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გარკვეული რეგულაციები სასოფლო-სამეუნრეო მიწების პრივატიზების კუთხით უნდა არსებობდეს", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






