პრეზიდენტის მრჩეველმა ექსპერტებთან იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა ამ ხელშეკრულების გაფორმებით მიიღებს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უცხოელ ბიზნესმენთა დაინტერესებას და, შესაბამისად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას. გიორგი აბაშიშვილი ექსპერტების რეკომენდაციებსაც გაეცნო.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროპის კავშირთან არის ახალი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, ინვესტორებისა და ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში აპირებს პროდუქციის წარმოებას. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო იყო ექსპერტთა პოზიციებისა და საინტერესო ინიციატივების მოსმენა, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივა და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






