არაგვის ხეობაში უამინდობის გამო თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დღეს გამთენიისას , არაგვის ხეობაში წამოსულმა ხანგრძლივმა წვიმამ პრობლემა შეუქმნა კომპანიის სათავო ნაგებობების ფუნქციონირებას, რომელიც არაგვის ხეობაშია განთავსებული. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით გაართულა საგურამოსა და ბულაჩაურის წყალსადენის ობიექტების მუშაობა.
მდინარე არაგვის ადიდებულმა შენაკადებმა და ჭარბი ნალექისგან ახლადწარმოქმნილმა ხევებმა წყალსადენის ობიექტებამდე უხვად მიიტანა ლოდები, ნაშალი ქვები და ამოძირკვული ხეები, რამაც წყალსადენის ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალა და დილის 04:00 საათიდან შეფერხებები გამოიწვია თბილისის წყალმომარაგებაში.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ღამის განმავლობაში არაგვის ხეობის წყალსადენის ობიექტებზე ოპერატიულად მოახდინა ტექნიკური ბრიგადებისა და სპეცტექნიკის მობილიზება. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შექმნილი მდგომარეობის გამო ამ დრომდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოსა და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დღეს საღამოდან მოხდება. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას კომპანია დღის განმავლობაში კიდევ გაავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






