ვაკეში, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეს თავს აქლემი დაესხა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცი, ვაკეში მცირეწლოვან შვილიშვილს ასეირნებდა, რა დროსაც მოულოდნელად მას აქლემი დაედევნა. მამაკაცი განრისხებული ცხოველისგან თავის დაცვას შეეცადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანება მიიღო. აქლემის შეჩერება კი მხოლოდ მისმა მეპატრონემ შეძლო. მართალია 70 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა არ მიუღია, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მისვლამდე ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, თავდაპირველად, აქლემი თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეული ეგონა, თუმცა ეს ვერსია მას შემდეგ გამოირიცხა, რაც აქლემის მეპატრონემ ცხოველის პასპორტი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინა.
არსებული ინფორმაციით, ცხოველის მეურვე შვეიცარიის მოქალაქეა. ის საქართველოში აქლემთან ერთად გადმოსახლდა და ვაკე-საბურთალოს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.
აღნიშნული ფაქტის გადამოწმება „ნიუპოსტმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ თავდასხმისას მოქალქე არ დაშავებულა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ კი აქლემის მეპატრონეს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. 85 მუხლის თანახმად შვეიცარიის მოქალაქეს 1300 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები






