ლოცვისთვის მოემზადეთ დინჯად, მშვიდად და აუჩქარებლად. ილოცეთ გონებით, რადგან რაც გონებაშია, იგივეა გულშიც, მაგრამ ლოცვა მხოლოდ ღვთიური მადლის დახმარებითაა ჭეშმარიტი, მის გარეშე კი შეუძლებელია. გაიხსენეთ ზირაქის ძის სიბრძნე: «ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას.» (სიბრძ.ზირახ. 15,10). ანუ ვინც ღვთიურ სიბრძნეს ფლობს, მხოლოდ მას ძალუძს სათანადოდ ადიდოს უფალი. უფლის მიერ ბოძებულ მადლთან ერთად მოდის სიყვარული - ქრისტეს წყურვილი - და მას თავისი საფეხურები აქვს. სიყვარული სულიერი სრულყოფილების მოპოვების გზაა და ამით ცოცხლობ არა მარტო მაშინ როცა ფხიზლობ, არამედ მაშინაც კი, როცა გძინავს. ქრისტეს სახელი ჟღერს სულში და მისით აღივსება გონება და გული. ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით, შევიგრძნოთ იგი! დე ყველა ჩვენი მოქმედების მიზანი ის იყოს! აღვივსოთ ღვთისადმი მადლიერებით და ასე აღვასრულოთ ნებისმიერი საქმე.
ნუ გვექცევა წარმატება თვითმიზნად. ნუ დავიქადნით: ”დავიწყებ მოსაგრეობას, რომ სამოთხე დავიმსახურო.” ნუ ვიოცნებებთ ზეციურ ჯილდოზე, ვილოცოთ ყოველგვარი ფარული ანგარების, ყოველგვარი ანაზღაურების მოლოდინის გარეშე. ლოცვაში ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სინაზე, სიყვარული, გულანთებული სურვილი და მაშინ ის არ მოგვეჩვენება დამთრგუნველად, სრულ სიმშვიდეს მოგვანიჭებს, როგორც სიტყვები: “დედა” “მამა”. ასე, რომ არ არის დიდი ძალისხმევა საჭირო, რათა ლოცვის მადლი მოვიპოვოთ.
სამოთხეში მოხვედრის სურვილით თუნდაც ათასი მეტანია გავაკეთოთ, ღვთის წინაშე ამას ფასი არა აქვს. თუ გული ცარიელია, უაზროა მეტანიების რიცხვი, საათობით ლოცვა არაფერს მოგვიტანს. უმჯობესია მხოლოდ ოცჯერ ან თხუთმეტჯერ მოვიდრიკოთ მუხლი, მაგრამ მთელი გრძნობით და უფლისადმი სიყვარულით, მისი ღვთიური მცნებების შესაბამისად.
თუ უფალი ინებებს და ჯოჯოხეთში შეგვიყვანს, დე იყოს ისე, როგორც მას სურს! აი, ასეთი უანგარობით თანდათან ცხრებიან ვნებანი, უკუიქცევიან ცოდვანი და რბილად, გადამეტებული ძალისხმევის გარეშე შევალთ ლოცვით მდგომარეობაში. რა გზითაც არ უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში სიყვარულის ნაპერწკალი, არ უნდა გავუშვათ იგი იქიდან, რადგან ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია, რომ ლოცვა პირად გამოცდილებად გვექცეს, წინ წავიწიოთ და ლოცვა ჩვენთვის აღარ იყოს მხოლოდ სიტყვები, რომლებიც გონებას ესმის, არამედ მოხდეს რაღაც სხვა, რასაც ჩვენში ვიგრძნობთ და რაც ჩვენი ძალისხმევის გარეშე მოვიდა. ეს “რაღაცა” არის ღვთიური მადლი, რომელსაც ქრისტე გვჩუქნის.
რა არის გულაჩუყება? ამას წმიდა წერილით უკეთ აგიხსნით: “ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.” (იოან. 19,34). ბერძნულ ენაში სიტყვას (νυττω, κατανυττω - ჩხვლეტა, დაჭრა) აქვს იგივე ფუძე, რაც სიტყვა გულაყუჩებას (κατανυξη). ზმნა κατανυττω ნიშნავს დანით მრავალრიცხოვანი ჭრილობის მიყენებას. ხოლო როცა ლაპარაკია სულზე, მაშინ ზმნა κατανυττουμαι (გული მიყუჩდება) ნიშნავს, რომ ღვთის სიყვარულით დაიჭრა ჩემი გული. ესე იგი გულაჩუყება თვითდაძალების გარეშე მოსული წმიდა ვნებაა, ღრმა გულისმიერი ტკივილია. შევადაროთ იგი ცხოვრებისეულ სიტუაციას: შეყვარებულისთვის აუტანელია განშორება. სატფოს ხატება ერთნაირად, მთლიანად მოიცავს მის გონებასა და გულს. მისი დანახვისას გული გამალებით უძგერს და ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება. სიხარულისგან ტირის, როცა მის გვერდით აღმოჩნდება, თავად ვერც ამჩნევს, როგორც იძირება გულაყუჩებისა და სიხარულის ცრემლებში. სულიერი გულაყუჩებაც ასეთივეა, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი: მოშურნეობა, სიყვარული ღვთიურია და არა ვნებიანი. ეს სიყვარული მშვიდია, მაგრამ უფრო მძაფრია და ბევრად ღრმა. სამწუხაროდ, ჩვენი ცრემლები ქრისტეს სიყვარულით გულაჩუყების ნაცვლად, უმეტესწილად მხოლოდ ადამიანური უძლურების შედეგია.
წმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი
მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი
მასალის გამოყენების პირობები






