პრეზენტაციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო.
პროექტის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში პოლიეთილენის პარკების ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია რეგულაციის არარსებობასთან. საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის რიგი ქვეყნების მაჩვენებელს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მწარმოებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გამოიკითხა 8000-მდე მოქალაქე, რათა დადგენილიყო პრობლემის მნიშვნელობა საზოგადოების სხვადასხვა წრეებში. გამოიკვეთა მთავარი პრიორიტეტები და გამოწვევები. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე. აღნიშნული პრეზენტაციით დასრულდა ექვს თვიანი პროექტი, რომლის მიზანია გაკეთდეს ღრმა ეკონომიკური ანალიზი ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებზე და მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები; აგრეთვე, სამინისტროში დაინერგოს ანალიზური მუშაობის მეთოდი, რაც სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტი USAID-ის პროგრამის „წყალშემკრები აუზების მართვის" ტექნიკური დახმარებით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






