განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდებამდე სამი დღით ადრე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებების შეტანას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აბიტურიენტებისთვის ეს ცვლილება ორმაგი სტრესის ტოლფასია.
„ადრე ქართულ ენაში იყო ასეთი დავალება: იპოვეთ შეცდომები ტექსტში. პირობითად იპოვეთ 17 ან 18 შეცდომა.. ახლა აიღეს და ამოიღეს ეს 18 შეცდომა და ეუბნებიან იპოვეთ შეცდომები, არ ეუბნებიან რამდენი შეცდომა და ამას ამართლებენ იმით, რომ ადრე ბავშვი 17 შეცდომას პოულობდა და ერთზე დიდ დროს კარგავდაო, მაგრამ აქ ხომ სხვა პრობლემაა? აქ მთავარი სხვა რამ არის, სამი დღით ადრე ამის გამოცხადება სამართლიანი არ არის, პრეტესტები როდესაც ჩაატარეს, ამაზე საუბარი არ იყო, ამას ემატება ის რომ ეს დაბეჭდილი ტესტები უკვე კვირაზე მეტია ინგლისიდან ჩამოსულია და 3 დღით ადრე როდესაც ამას აცხადებ, ნებისმიერი ცვლილება არასამართლიანია, რომელსაც გამოცდების დროს აკეთებ“,- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინი აცხადებს, რომ რეალურად ახლა ეს ბავშვები სტრესში არიან. მისივე თქმით, ცვლილება როგორც არ უნდა შეფუთო ზედმეტი სტრესია, რადგან თამაშის წესების შეცვლა გამოცდების წინ ხდება.
„პრეტესტებს რაც შეეხება, გაზაფხულზე როდესაც ატარებენ პრეტესტებს, ტარდება იმისთვის, რომ თუ რამე სიახლე არსებობს ბავშვებს გააცნონ. პრეტეტსების დროს ეს ცვლილება არ ყოფილა, ახლა რაც არ უნდა თქვან, რომ ეს კარგია თუ ცუდია, კარგიც რომ იყოს და ცუდიც რომ იყოს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გამოცდებამდე 3 დღით ადრე ცვლი თამაში წესებს უნდა გაითვალსიწინო რომ ბავშვისთვის გამოცდა არის სტრესი და ამ ცვლილებით ახლა ორმაგ სტრესში აგდებ“,- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აბიტურიენტები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა და გამოცდებამდე სამი დღით ადრე მსგავსი ცვლილების შესახებ არ უნდა იგებდნენ. სწორედ ამის გამო, ხვალ, 17:00 საათზე აბიტურიენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ (უზნაძის ქ. # 52) აქციას, სახელწოდებით „ჩამოყალიბდით“, გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






