25 ივნისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლონეთის ქართული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით, იგეგმება საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მიზანი საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში წვლილის შეტანაა.
საინფორმაციო პორტალი ,,კვირა“, პოლონეთის ქართული დიასპორის თხოვნით, აღნიშნული საქველმოქმედო პროექტის თანაორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა. სააგენტო პროექტის საორგანიზაციო საკითხებში საქართველოდან ჩაერთვება.
სწორედ მისი ორგანიზებით იგეგმება დიზაინერების: ზალიკო ბერგერის და ანა ჩანგიანის კოლექციის ჩვენება, ასევე ანა ჩანგიანის მიერ თექით დამზადებული სხვადასხვა სახის სამოსისა და აქსესუარების შოურუმის გახსნა. ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ და კოლექციას წარადგენენ პოლონული შოუბიზნესის წრის ცნობილი ქალბატონები. ღონისძიება გაიმართება ვარშავაში, საქართველოს საელჩოს შენობაში და დაესწრებიან პოლონეთში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მეუღლეები. ხოლო შოურუმი ვარშავის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ „პრომენადას“ შენობაში გაიხსნება. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას მოხმარდება. შეგახსენებთ, საქართველოში მსგავსი ცენტრი ჯერჯერობით არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






