24 ივნისს რუსთაველის თეატრში ცნობილი მუსიკოსები ნამდვილ ზეიმს მოაწყობენ. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ჩელოს სეზონი“ გიორგი ცაგარელის სოლო კონცერტით გრძელდება.
გია ყანჩელი: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ცაგარელი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო რანგის ალტისტებს და ვინაიდან იგი არის ქართველი, მის შესრულებაში ვგრძნობ იმას, რაც თითქმის არასდროს მიგრძვნია სხვა ბრწყინვალე შემსრულებლების დაკვრისას" - ასე ახასიათებს ახალგაზრდა ალტისტს ცნობილი კომპოზიტორი. ამან განაპირობა ალბათ ის ფაქტიც რომ გია ყანჩელმა ნიკოლოზ რაჭველსა და გიორგი ცაგარელს ალტისა და ფორტეპიანოსათვის შექმნილი 20 მინიატურა მიუძღვნა. სწორედ ეს მუსიკა გაჟღერდება 24 ივნისს რუსთაველის თეატრში...
კონცერტში ასევე მონაწილეობენ ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო), ლიზი რამიშვილი (ჩელო), ნათია ბერაია(ფორტეპიანო), საქართველის სიმფონიური ორკესტრის სოლო-კლარნეტისტი შოთა გოგოძე და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი...
შესრულდება სხვადასხვა ეპოქაში ალტისათვის შექმნილი კამერული ნაწარმოებები. ხოლო კონცერტის მეორე განყოფილება მთლიანად გია ყანჩელის შემოქმედებას დაეთმობა.
გიორგი ცაგარელი: „ჩემთვის დიდი პატივია ასეთი რანგის ფესტივალის ეგიდით სოლო-კონცერტის გამართვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც 24 ივნისს ჩემთან ერთად გამოვლენ რუსთავლის თეატრის სცენაზე. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო დიდ მაესტროს ბატონ გია ყანჩელს, რომელმაც მე და ნიკას 20 მინიატურა მოგვიძღვნა. მეორე განყოფილებაში ჩვენ ამ მინიატურებს შევასრულებთ. ასევე ნატალია ქუთათელაძესთან ერთად შევასრულებ ყანჩელის საოცარ თხზულებას ალტისა და სოპრანოსათვის „ქარის მერე“.
ქართველ მსმენელს გიორგი ცაგარელისგან ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის. მათ შორის მსოფლიო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გენიალური შუბერტის სონატა "არპეჯიონე", ასევე ორი პრემიერა და ჰინდემიტის დუეტი ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ გმირთან ჩელისტ ლიზი რამიშვილთან ერთად.
იური ბაშმეტი: "გიორგი განსხვავებული ბგერის, საოცარი ქარიზმისა და საინტერესო საშემსრულებლო ინტერპრეტაციების მქონე მუსიკოსია.მისი თითოეული ნოტი კი სიფაქიზითა და სიღრმით გამოირჩევა...ძალიან მიხარია, რომ მისთვის საგანგებოდ იწერება ნაწარმოებები ალტისათვის, რაც მნიშვნელოვნად ანვითარებს ჩვენს დარგს"
მასალის გამოყენების პირობები






