6 თვიანი დაპირისპირება ჰ. ალიევის სახელობის აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში, ძველი სამხატვრო ხელმძღვანელის გოჩა კაპანაძის განთავისუფლებით და რეჟისორ ზურაბ სიხარულიძის დანიშვნით დასრულდა. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ კომენტარს თეატრის საინფორმაციო სამსახურის უფროსი კახი ლაზარიშვილი აკეთებს, ის ასევე თეატრის გაუსაძლის მდგომარეობაზეც საუბრობს. რაც შეეხება ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ის თურქული ენის შესანიშნავი მცოდნეც გახლათ.

ზურაბ სიხარულიძე, თურქეთის რესპუბლიკაში 16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს, რეჟისორს გადაწყვეტილი აქვს დაგროვილი გამოცდილებით ქართულ თეატრალურ სივრცეში არსებულ დასებს გამოადგეს. კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სარეკომენდაციო საბჭომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან უპირატესობა სწორედ მას მიანჭა.ზურაბ სიხარულიძე ლეგენდარული ქართველი რეჟისორის დოდო ალექსიძის ყოფილი სტუდენტი, დიპლომირებული რეჟისორი და ასოცირებული პროფესორი გახლავთ.
კახი ლაზარიშვილი, თეატრის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: „გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეს მეჰრიბან ალიევას, ასევე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებს, თეატრიდან წლების განმავლობაში მივმართავდით წერილობით, ავარიული შენობის გამაგრებასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. თეატრის კოლექტივს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ყოველი თხოვნა უპასუხოდ დარჩა.
თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ზურაბ სიხარულიძეს თეატრში დახვდა 13 მსახიობი.(13-დან 8 პროფესიონალი მსახიობია), ასევე პროფესიონალებით დაკომპლექტებული ადმინისტრაციული და ტექნიკური ჯგუფი, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარი და ამორტიზირებული, ავარიული და კეთილმოუწყობელი შენობა, სადაც სცენა და მაყურებელთა დარბაზი ფაქტობრივად არ არსებობს.შემოქმედებითი მუშაობა, რომ შეძლოს თეატრმა გვერდში დგომა აუცილებელია. ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტროსგან დახმარებისა და ხელშეწყობის დიდი იმედი აქვს.
ბატონ ზურაბს ასევე მჭიდრო კავშირები აქვს თურქეთის რესპუბლიკასთან, რადგან ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა და დგამდა სპექტაკლებს სტამბულისა და ანკარის დრამატულ თეატრებში, ამჟამად საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში თურქ დოქტორანტებთან მუშაობს. ცხადია ამ კავშირებს იგი გამოიყენებს მომავალში იმისათვის, რომ ჩვენი თეატრის დასმა იაროს საგასტროლოდ თურქეთში და სპექტაკლები წარვუდგინოთ თურქ მაყურებელს...
მასალის გამოყენების პირობები






