ნარკოტიკული ეფექტის გამომწვევი აქროლადი ნივთიერებების შესუნთქვა ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვის გამო გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი ყოველდღიურად ათასს აჭარბებს. ასეთ ტოქსიკომანთა საშუალო ასაკი 8-15 წელია.
ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის მიზნით მოზარდები შეისუნთქავენ ორგანულ გამხსნელებს. მათ სიაში შეხვდებით ისეთ აქროლად ნივთიერებებსაც, როგორებიცაა ავტომანქანების საწვავი, საღებავების გამზავებელი, ფეხსაცმლის ლაქი, წებო. აქროლადი გამხსნელებიდან ყველაზე ტოქსიკურია და ყველაზე სწრაფად იწვევს პიროვნების ინტელექტუალურ დეგრადაციას ლაქის ამომყვანები, ტოლუოლი და ეთილირებული ბენზინი.
ტოქსიკური თრობა აქროლადი გამხსნელების ზემოქმედებით იწყება რამდენიმე წამში. შხამიანი ნივთიერებები ძალიან სწაფად ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულში. ისინი ადვილად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდებიან ტვინის ქსოვილში და იწვევენ ნერვული უჯრედების ღრმა ფუნქციურ მოშლილობებს.

ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ყალიბდება ტოქსიკური ენცეფალოპათია. მოზარდს სწრაფად უჩლუნგდება გონება, იკეტება საკუთარ თავში, უჭირს გარემოში ორიენტირება, გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ძლიერ ზიანდება შინაგანი ორგანოები, რადგან შესუნთქვის დროს ორგანიზმში ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებები შეიწოვება. 1-2 თვის შემდეგ მუდმივ ტოქსიკომანს ეპილეფსიური შეტევები ეწყება.
ტოქსიკომანიასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე.
მალხაზ ჯოხაძე: წესისამებრ, ტოქსიკომანიას თან ახლავს მრავალი ნეგატიური სოციალური გამოვლინება - ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და პროსტიტუცია. ტოქსიკომანებისთვის დამახასიათებელია მიჩვევის ძალიან მოკლე პერიოდი, ორგანიზმის დაცვითი რეაქციების უქონლობა დოზის გადაჭარბებისას, ერთჯერადი და დღიური დოზების გაზრდა, შიში, პარანოია და ჰალუცინაციები. ფსიქიკური დამოკიდებულება გამოიხატება ავადმყოფური მისწრაფებით, მუდმივად ან პერიოდულად მიიღონ ფსიქოაქტიური ნივთიერება ეიფორიის განსაცდელად ან ფსიქიკური დისკომფორტის მოსახსნელად. ამით აიხსნება პიროვნების მიზანმიმართული ქცევა. მისი მთავარი მიზანი საჭირო ნივთიერების მოძიებაა. ფიზიკური დამოკიდებულება ანუ აბსტინენციური სინდრომი (მოხსნის სინდრომი) გამოიხატება ვეგეტონევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით, რასაც ტოქსიკური ნივთიერებების მიღების შეწყვეტა იწვევს.
- უმეტესად რომელ ნივთიერებებს მოიხმარენ ტოქსიკომანები საქართველოში? თუ ფლობთ ინფორმაციას ყველაზე ფართოდ მოხმარებად “წამლებზე”?
- ტოქსიკომანიას მრავალი პრეპარატი თუ ნივთიერება იწვევს. უპირველეს ყოვლისა, მათ მიეკუთვნება სედაციური და დამაძინებელი მოქმედების მედიკამენტები: ბარბიტურის მჟავას ნაწარმები (ციკლობარბიტალის გარდა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებაა), ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ტრანკვილიზატორები (ელენიუმი, დიაზეპამი, ტემაზეპამი და სხვა), პარკინსონიზმის სამკურნალო (ციკლოდოლი) და ანტიჰისტამინური (დიმედროლი, პიპოლფენი) პრეპარატები, ფსიქოსტიმულატორები (ეფედრინი, თეოფედრინი, კოფეინი, სიდნოკარბი, სოლუტანი და სხვა), საინჰალაციო სანარკოზე საშუალებები (ეთერი, აზოტის ქვეჟანგი). ბოლო წლებში საქართველოში გავრცელდა მიორელაქსანტი (კუნთების მომადუნებელი) ბაკლოფენისა და ნეიროლეპტიკური საშუალება აზალეპტინის ბოროტად გამოყენება. ხშირია ამ ორი მედიკამენტით გამოწვეული ინტოქსიკაციები და ლეტალობაც.
- რომელი იწვევს უფრო სწრაფ მიჩვევას, განსაკუთრებით მძიმე გართულებებს ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მხრივ?
- სედაციური და საძილე საშუალებებით გამოწვეულ მწვავე ინტოქსიკაციას ახასიათებს მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, სიტუაციის სწორად აღქმის უნარის დაქვეითება, გონების დაბინდვა. ავადმყოფები მოგვაგონებენ ალკოჰოლური თრობის მძიმე მდომარეობაში მყოფ ადამიანებს. აქვთ დამახასიათებელი იერი: მოხუჭული თვალები, ფერმკრთალი კანი, გამონაყარი, ენაზე - ყავისფერი ნადები, დადიან მოუქნელად, ოდნავ კოჭლობენ, აქვთ უზუსტო მოძრაობები. ხშირად აღენიშნებათ ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ზედაპირული სუნთქვა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, ციანოზი. ინტოქსიკაციის მწვავე პერიოდში შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვების შეშუპება, სისხლის მამოძრავებელი და სასუნთქი გზების დამბლა.
სედაციური და საძილე საშუალებების თერაპიული დოზით უწყვეტი და ხანგრძლივი მოხმარების დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს წამალზე დამოკიდებულების სინდრომი, რომლის დროსაც თანდათანობით მცირდება ამ პრეპარატების ეფექტურობა და წარმოიშობა დოზის გაზრდის საჭიროება.
აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას დამოკიდებულების სინდრომი უფრო მოკლე ხანში ყალიბდება. ქრონიკული ინტოქსიკაციის პროცესში იცვლება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა. ის ხდება დაბნეული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, უქვეითდება მეხსიერება და განსჯის უნარი. ხშირად ეფექტის გასაზრდელად სედაციურ და საძილე პრეპარატებს ალკოჰოლთან და/ან ნარკოტიკთან ერთად იღებენ. ამ შემთხვევაში შეინიშნება პიროვნების აშკარა ცვლილება: ის ან ძლიერ ნეტარებას განიცდის, ხდება დიდსულოვანი, ან დაძაბული, გაღიზიანებული და ფეთქებადია. სედაციური და საძილე პრეპარატებით გამოწვეული აბსტინენციური სინდრომი, წესისამებრ, მძიმედ მიმდინარეობს. ის ყალიბდება პრეპარატის მოხსნიდან 24 საათში და პიკს აღწევს 2-3 დღის შემდეგ.
წყარო: mkurnali.ge
მასალის გამოყენების პირობები






