ჩიხლაძის თქმით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მიიღო, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა და გაუქმდა რამდენიმე სამართლებრივი აქტი.
მისივე განცხადებით, გასაჩივრებასთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და სასამართლოს დადგენილების ჩაბარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე მსჯელობა - გაასაჩივრებს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ დაემორჩილება მას.
ჩიხლაძის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო ვერ იმსჯელებს რას დააფუძნა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება. თემურ ჩიხლაძის განმარტებით, 2013 წლის 5 ივნისის ბრძანება, რომელმაც ბათილად ცნო კანონდარღვევით საყდრისისთვის მინიჭებული კულტურული მემკვიდრებოს ძეგლის სტატუსი დღეს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი.
"სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გაასაჩივრებს", - განაცხადა თემურ ჩიხლაძემ, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო გასაჩივრების საკითხზე მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, რაც უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კულტურის სამინისტროს სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც, საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი შეუჩერდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის დადგენილება ბათილად გამოცხადდა და ეს საკითხი სამინისტროს განსახილველად დაუბრუნდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროცედურული დარღვევებით, არქეოლოგიური საბჭოს გარეშე იყო მიღებული. როგორც სასამართლოზე აღინიშნა, სამინისტრომ გადაწყვეტილება 11- კაციანი კომისიის ფარგლებში მიიღო და არქეოლოგიურ საბჭოზე არ გაუტანია.
მასალის გამოყენების პირობები






