პოზიტივით დამუხტული სასწაულმოქმედი ნამუშევრები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებასა და მომავალზე ახდენენ გავლენას და მხატვარი ჩანაფიქრით - რაც შეიძლება მეტ დამთვალიერებელს მიანიჭოს სიამოვნება და აქციოს ბედნიერად.
რამდენიმე წლის წინ მხატვარ ირმა არჩვაძის ნამუშევრები ერთ-ერთმა უცხოელმა, სწორედ ამ მიზნით სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შეიძინა...
„ალბათ ეს დადებითი მუხტია ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, თუ რატომაც იყიდება ჩემი ნახატები“, - ამბობს მხატვარი.
საქართველოში კი იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით 23 ნამუშევარი ყვარელში, ილიას მთაზე, ტრეინინგ ცენტრშია განთავსებული და იქ მოხვედრილ სტუმრებზე ახდენენ შთაბეჭდილებას.
ირმა არჩვაძე: „დიდი პოზიტივი მაქვს ჩადებული თითოეულში, რასაც დამთვალიერებელი უმალვე გრძნობს, რადგან ამ ნახატიდან მუდმივად და გაზრდილი დოზებით იღებს პოზიტივს.
ერთ-ერთ გამოფენაზე ერთი გოგონა მოვიდა და გადამეხვია. ნაცნობი მეგონა და ჩემს თავს გავუბრაზდი, რატომ ვერ ვიხსენებ- მეთქი. მერე კი აღმოჩნდა, რომ სულ უცნობი იყო.
„დარბაზში ძლიერი თავის ტკივილით შემოვედი, შენმა ნახატმა, რაღაც იდუმალი ძალით მიმიზიდა, ჯერ ვიზუალურად მომეწონა, მერე კი ტკივილი სულ მიმავიწყდაო“... აფორიაქებული და გაკვირვებული მეუბნებოდა ამას, გამეღიმა, არ გამკვირვებია, რადგან ამდაგვარი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა, ბევრჯერ გამოუხატავთ მადლიერება...
- ვერცერთ თქვენს ნახატში ვერ ვიპოვე გაბრაზება, კოშმარი, სისხლი, ტკენა...
-ალბათ იმიტომ, რომ არ მომდის ეს თავში არასოდეს... არასოდეს დამიხატავს გაბრაზებულს. გამორიცხულია, რომ ცუდ განწყობაზე დავიწყო ხატვა. ხატვა ძალიან კარგი თერაპიაა ჩემთვის, ცუდი არაფერი მახსოვს, მიყვარს ჩემი ნახატები, სიყვარულით ვმუშაობ, ვეფერები და ვცდილობ ჩემი ნახატებით ეს პოზიტივი გადავცე ადამიანებს, შედეგსაც ამდაგვარს ვღებულობ.
- რამდენ ხანს ანდომებთ ნამუშევრის შექმნას და როგორ იქმნება, შთაგონების წყარო რა არის?
- ყოფილა შემთხვევა როცა მეტრი მეტრზე ერთ ღამეშიც დამისრულბია. ძალიან თავდადებულად ვმუშაობ და ამითი ვცხოვრობ ის პერიოდი სანამ არ დავამთავრებ.
- სხვა დროს კი ტვინი, ყოველთვის დაკავებული მაქვს იმით, თუ რა უნდა დავხატო, სულ ამაზე ვფიქრობ ... არ ვეკუთვნი იმ მხატვართა რიცხვს, რომლებიც ამბობენ მუზა, როცა მომივა მაშინ დავჯდები და გავაკეთებო. მე, მუზას არასოდეს ველოდები, სულ ვმუშაობ...
- უფრო მეტი სიამოვნება როდის არის მუშაობის პროცესში, თუ მერე, როცა უკვე დასრულებულ ნამუშევარს შესცქერი?
- მუშაობის პროცესში უფრო მეტი სიამოვნებაა, რადგან მერე უფრო კრიტიკა გერთვება. მუშაობის პერიოდს შეიძლება საუკეთესო დაღლა დავარქვა. ჩართული ვარ ბოლომდე - ემოციურად, გონებით, ფიზიკურად. ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, როდესაც მოვრჩები ნამუშევარზე მუშაობას, მერე ვხვდები, რომ ძალიან დავიღალე, მაგრამ მსგავსი სიამოვნება, როგორც ეს დაღლაა სხვა არაფერში არსებობს ჩემთვის.
12 ივნისს 7:30 საათზე თუმანიშვილის თეატრი დამთვალიერებელს ამ ხელოვანის გამოფენაზე იწვევს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა მსურველს თვის ბოლომდე ექნება. სულ 34 ტილო გამოიფინება.
ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა. ჯგუფურ გამოფენაში კი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც უამრავჯერ მიუღია მონაწილეობა, ალბათ ამის დამსახურებაა, მხატვრის ეს სიტყვები: „მსოფლიოში კუთხე არ არის ჩემი ნახატი არ იყოსო“.







ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






