http://armenian-community.ge/News/590
ერთი წლის წინ, 2013 წლის იანვარში, საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განახცდა, რომ საქართველოს სომხურენოვან სკოლებში აუცილებლად შესატანია სომეხი ერის ისტორიის საგანი. დღემდე ეს არ მოხდა. რა სტადიაზეა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების სამინისტროს მუშაობა?
- ისტორიას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საკითხი დღეს არ განიხილება. ეს თემა უფრო მეტ სამუშაოს საჭირობს. სომხეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის ვიზიტის დროს მე მას ვუთხარი, რომ ეს საკმაოდ რთული თემაა და საჭიროა შესაბამისი პლატფორმა შეიქმნას, სადაც შესაძლებლობა გვექნება ეს თემა უფრო განვავრცოთ და ვიმსჯელოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. ისიც ვიცი, რომ არსად სხვა ქვეყნებში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში, მეზობელი ქვეყნების, ასევე ეთნიკური წარმომადგენლების ისტორია არ ისწავლება. შესაბამისად, თუ ამ კონტექსტიდან ჩვენ უნდა ამოვარდეთ, ამას სჭირდება ძალიან კარგი, საფუძვლიანი მომზადება. ამ მხრივ ჩვენი წინადადება სომხეთის განათლების სამინისტროს -ძალაშია. თუ ეს პლატფორმა შეიქმნება ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
2014 სასწავლო წლის დასაწყისში მეტრომშენში მდებარე სომხურ-ქართული №103 სკოლა, შენობის ავარიულობის გამო, გადაყვანილი იყო სხვა უბანში მდებარე №157 საჯარო სკოლის შენობაში. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით 103 სკოლის შენობის აღდგენითი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო და 2014-15 სასწავლო წლიდან ამ შენობაში უნდა აღდგენილიყო სასწავლო პროცესი. ამავე დროს სამშენებლო სამუშაოები დღემდე დაწყებულიც კი არ არის. გვაინტერესებს -რატომ? შეგახსენებთ ასევე, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-მ №110-ე სომხური სკოლის დეოპტიმიზაციის თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს. სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს ასევე მიმართეს 103-ე საჯარო სკოლის სომხურენოვანი სექტორის დათხოვნილი მასწავლებლები. გვაინტერესებს
-რა მიზეზების გამო არ მოხდა 110-ე სომხურენოვანი სკოლის დეოპტიმიზაცია-აღდგენა, და იმ პირობების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს სომხურენოვანი სკოლებისთვის კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი, რატომ არ მოხდა უსამართლოდ დათხოვნილი მასწავლებლების სამსახურში აღდგენა?
- რაც შეეხება მასწავლებლებს, სამსახურში მათი აღდგენის საკითხს, მას „პოლიტიკური მიზეზების გამო დათხოვნილი მასწავლებლების აღდგენის“ კომისია სწავლობდა, რომელმაც დაადგინა, რომ ამ კონკრეტული მასწავლებლების დათხოვნას პოლიტიკური ქვეტექსტი არ ჰქონდა. შესაბამისად ამ კომისიამ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. რაც შეეხება 110-ე სკოლის დეოპრიმიზაცია-აღდგენას, ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი. ნამდვილად მეგონა, რომ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს გადაეგზავნა ამ შესწავლის დასკვნის ამსახველი დოკუმენტი. შევასწორებთ ხარვეზს და უახლოეს დროს აუცილებლად მოგაწვდით ამ დასკვნას, რომ შესაძლებლობა გქონდეთ გაეცნოთ ჩვენს მუშაობის შედეგებს. რაც შეეხება 103 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს -მოგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 103 სკოლის შენობა აღდგენას არ ექვემდებარება. ის უნდა დაინგრეს და მის ადგილზე ახალი შენობა უნდა იყოს აშენებული. შენობის დემონტაჟი სულ მალე დაიწყება. ეს საკითხი სამოქმედო გეგმაშიც და ბიუჯეტშიც არის ასახული. მომზადებული გვაქვს როგორც დემონტაჟის, ასევე ახალი შენობის აშენების პროექტები. ამგვარად სომხურ სათვისტომოს სანერვიულო ნამდვილად არაფერი უნდა ჰქონდეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში მაღალი კლასების მოსწავლეები ყოველწლიურად გადიან პრეტესტებს, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ საგამოცდო პროცესს გაეცნონ და ამით უფრო მომზადებულები და გამოცდილბი მივიდნენ რეალურ გამოცდაზე. ამავე დროს საქართველოს არც სომხურენოვან და არც აზერბაიჯანულენოვან სკოლების მოსწავლეებს პრეტესტების ჩაბარების შესაძლებლობა არ ეძლევათ, იმიტომ რომ ეს პრეტესტი მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზეა წარდგენილი და არც სომხურ არც აზერბაიჯანულ ენებზე არ ითარგმნება. იქმნება დისკრიმინაციული მდგომარეობა, როდესაც სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებთან შედარებით ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს რეალური უპირატესობა ენიჭებათ, რაც არსებულ უთანასწორობაზე მიგვანიშნებს. იგივე ეხება პირველკლასელებისთვის დარიგებულ კომპიუტერებს, სადაც მხოლოდ ქართულენოვანი პროგრამებია ჩაწერილი და შესაბამისად ეს პროგრამა სომხურენოვანი სკოლების პირველკლასელებისთვის დადგენილ სასწავლო პროგრამასთან შეუსაბამობასი მოდის.
გვაინტერესებს - რატომ ხდება სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეების მსგავსი აშკარა დისკრიმინაცია?
- ეს ნამდვილად ასე არის, მაგრამ ამ დეტალის შესახებ მე ნამდვილად არ ვიცოდი. ეს საკითხი მართლაც არის მოსაგვარებელი. გპირდებით, რომ შემდეგ წელს აუცილებლად გამოვასწორებთ მდგომარეობას და სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ პრეტესტები და წინასაგამოცდოდ საკუთარი ძალები გამოსცადონ. ნამდვილად დიდი მადლობა შენიშვნისთვის. საკითხი იქნება მოწესრიგებული.
მასალის გამოყენების პირობები






