„ნავიგატორი“ - ეს არის ფანტასტიკა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ჩაკეტილია და სხვებთან კომუნიკაცია უჭირს.
თუმცა, ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის... სამსახური მას ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული, ნავიგატორს ქალის ხმა აქვს.
თავიდან ის ფორმალურ რჩევებს იძლევა, შემდეგ მათი დიალოგი ჩვეულებრივ ტექნიკურ კონტაქტს ცდება და იქამდე მიდის, რომ მათ შორის გრძნობა ჩნდება...
ლაშა ბუღაძის ამ საოცარ პიესას მაყურებელი მალე რუსთაველის თეატრში იხილავს. პრემიერა 26, 27 და 28 ივნისს თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გათამაშდება. „ნავიგატორს“ ყველასთვის ცნობილი რეჟისორი დათო საყვარელიძე დგამს.
დავით საყვარელიძე: „ამ სპექტაკლით, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, პირველად წარვგდები მაყურებლის წინაშე. ამიტომ ორმაგად ვნერვიულობ.
ძალიან მინდა,რომ მოხვიდეთ და დაესწროთ!!!
თქვენი მოსვლით მხარს დაუჭერთ ჩემს საყვარელ თეატრს და დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებთ სპექტაკლით.
-როგორც ვიცი ეს არის რადიო პიესა , არ გაგირთულდათ მუშაობა?
-გამირთულდა მუშაობა, მაგრამ მსახიობებმა თავისი გაიტანეს და ძალიან მაგრად გააკეთეს. გამიჭირდა ასევე იქედან გამომდინარეც, რომ სოხუმის თეატრის შესაძლებლობები ძალიან მწირია, არა გვაქვს შენობა, გარკვეული პირობები, თუმცა ამ პრობლემების გადალახვა მოვახერხეთ და ყველაზე მაგარ სპექტაკლს ვაჩვენებთ მაყურებელს.
-ლაშა თუ დაესწრო რეპეტიციებს და როგორ შეაფასა?
-ავტორი 4 თუ 5 თვეა, რაც თბილისში არ იმყოფება, გადავიდა პარიზში, იქ მუშაობს. როგორც ვიცი ივლისში აპირებს ჩამოსვლას. არვიცი მისი აზრი. ვნახოთ...
სხვათაშორის ამ პიესის დაწერის დროსაც ერთი ამბავი გადაგვხვდა. მე და ლაშა პრაღიდან მიუნჰენში მივდიოდით. ვიქირავე მანქანა, რომელსაც ჰქონდა ნავიგატორი, მე ვიჯექი საჭესთან და რაზეც მე და ლაშამ ბევრი ვიხუმრეთ. ეს, პიესამდე, რამდენიმე თვით ადრე იყო. ასე დაიბადა ეს პიესაც... ასე, რომ ნათესაური ურთიერთობა მაქვს ამ პიესასთან, მეც მიმიძღვის, რაღაც წვლილი ნავიგატორის შექმნაში“...
ამ მოგზაურობას დრამატურგი ლაშა ბუღაძეც იხსენებს.
ლაშა ბუღაძე, დრამატურგი: „დათო საყვარელიძემ იქირავა მანქანა, ბაიროვიჩში უნდა ჩაგვეღწია, ბავარიის ჩრდილოეთით. მოკლედ, ადვილი არ იყო მიგნება. ჩვენ გვყავდა ქალი-ნავიგატორი. აი, აქ კი გაჩნდა ვეებერთელა კონფლიქტი. იყო დიდი ლანძღვა, ნიშნის მოგება, ნავიგატორის მითითებული გზები არ ემთხვეოდა. გადათხრილი იყო ყველაფერი, ის კი გამუდმებით იმეორებდა, – წინ მიბრძანდითო. დათო ეჩხუბებოდა, – არ დაგიჯერებო. ნავიგატორი თუ აიჩემებს, ვერ გადააყენებ. საბოლოოდ გამოვთიშეთ, რადგან შეუძლებელი იყო ამის ატანა. ამის მერე კი ეს ამბავიც დაიბადა“.
ნავიგატორის დამსახურებით ლაშა ბუღაძემ დიდ ბრიტანეთში „ბი-ბი-სის“ რადიოპიესების მსოფლიო კონკურსზე გამარჯვებულის ჯილდო მიიღო. ათასობით ხელნაწერში ჟიურიმ ქართველი დრამატურგის პიესა „ნავიგატორი“ აირჩია. მაშინ ბრიტანული ჟიურის შეფასება ამგვარი იყო:
„ეს არის ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი, ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერილობამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა“...
დრამატურგს პრემია შექსპირის თეატრ „გლობუსში“ გადასცეს. გარდა იმისა, რომ პირველი ადგილის აღნიშვნა ფულადი ჯილდოთი მოხდა, დაიდგა რადიოსპექტაკლიც, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს არხზე გავიდა და დიდი მოწონაბაც დაიმსახურა.
ეს იყო წლების წინ ლონდონში, ქართულ სპექტაკლსა და მაყურებლის რეაქციაზე კი „ნიუპოსტი“ შეფასებებს ძალიან მალე მოგაწვდით.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ნანა ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, ნიკა წერედიანი, ედემ ხვიჩია, დათო ბერაძე, გიორგი გასვიანი, ბესო ქარჩავა, ირა ბოკუჩავა.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






