„ბრამსის, რაველის, შოპენის, სტრავინსკის ნაწარმოებების აჟღერებით პიანისტმა თითქოს თავს დაგვატეხა ძლიერი გრიგალი“, - წერს ლონდონში მყოფი ქართველი ხელოვანი გიორგი ლალიაშვილი.
გიორგი ლალიაშვილი: „ლონდონელი მსმენელი განსაკუთრებით ეთაყვანება ხატია ბუნიათიშვილის ტალანტს. მან ადრინდელი კონცერტებით როაიალ ფესტივალ ჰოლსა და ვიგმორ ჰოლში პიანიზმის იმგვარი ტრიუმფებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, რომ მის ყოველ ჩამოსვლას მუდამ უზარმაზარი მოლოდინი ახლავს. ამჯერად კი ხატია ბუნიათიშვილის უსაზღვრო ნიჭიერებამ ელისაბედ დედოფლის დარბაზის აუდიტორია მონუსხა.
4 ივნისს, ქართველი პიანისტის სოლო კონცერტით დაიხურა საერთაშორისო საფორტეპიანო სერიების წლევანდელი პროგრამა, რომელშიც მანამდე მონაწილებდნენ მსოფლიო სახელის მქონე პიანისტები: იუნდი, ნელსონ ფრეირი, გაბრიელა მონტერო, ინგოლფ ვუნდერი, მაურიციო პოლინი, ფედერიკო კოლი, სერჯიო ტიემპო, ნიკოლაი ლუგანსკი. ამგვარ თანავარსკვლავედში ხატია ბუნიათიშვილის მოხვედრა უკვე თავისთად მეტყველებს კლასიკური მუსიკის სფეროში მის საყოველთაო აღიარებასა და მასშტაბზე.
ელისაბედ დედოფლის დარბაზში მოსულ მსმენლს შესაძალბლობა მიეცა შეეძინა ქართველი პიანისტის ახალი სიდი „სამშობლო“, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოსცა „სონი კლასიკალმა“. დახლი უმალ დაცარიელდა, მისი ყიდვის მსურველი გაცილებით მეტი აღმოჩნდა. ავტოგრაფების მისაღებად უზარმაზარი რიგი დადგა, რომლის გასტუმრებამ ლამის ერთი საათი წაიღო.
პიანისტის ამ ახალ ალბომში ბახიდან დაწყებული, თანამედროვე კომპოზიტორებამდე 17 საფორტეპიანო ნომერი შევიდა. აღსანიშნავია, რომ მასში მოხვდა გია ყანჩელის მელოდია ფილმიდან „როცა აყვავდა ნუში“, ასევე გულშიჩამწვდომი მეგრული სიმღერის „ვაგიორკო მა“–ს მელოდია.
ამ შემოდგომაზე ლონდონი კვლავ განაახლებს კლასიკური მუსიკის სერიებს. 30 ოქტომბერს როიალ ფესტივალ ჰოლში დანიშნულია ხატია ბუნიათიშვილს მორიგი კონცერტი, რომელსაც ტუგან სოხიევი უდირიჟორებს ფილარმონია ორკესტრთან ერთად. პროგრამაში შეტანილია ბერლიოზის „ფანტასტიური სიმფონია“, ასევე ბეთჰოვენის „კორიოლანუსის“ უვერტიურა და ლისტის მეორე საფორტეპიანო კონცერტი“.
წყარო: http://britaneti.co.uk/
მასალის გამოყენების პირობები






