„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული და დატვირთული ცხოვრების სანაცვლოდ ჯერ არ მაქვს ადეკვატური შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს არასტაბილური ჯანმრთელობა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს შევეგუო დედის გარდაცვალებას მე ვარ ბედნიერი! ბედნიერი, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ ჩემი საოცარი მეგობრების, ჩემი უმაგრესი ორკესტრის და რაც ყველაზე მთავარია ჩემი ხალხის განუზომელ სიყვარულს, ყურადღებას და პატივისცემას...
დიდი მადლობა ყველას ამისათვის!!!
ამბობს ბათუმში მყოფი ნიკოლოზ რაჭველი და ფეისბუქის გვერდზე მადლობასთან ერთად ბათუმს ვრცელ პოსტს უძღვნის. მუსიკოსი ამ პოსტში „გზად გადაყრილთა“ სითბოსა და გულწრფელ პატივისცემაზეც საუბრობს.
ნიკოლოზ რაჭველი ორწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმს ახალი სიმფონიური ნაწარმოების შესაქმნელად ეწვია.
ნიკოლოზ რაჭველის პოსტიდან: „პიაცას საზღვართან, ძველი ბათუმის გულში, სასტუმრო "გალოგრეში" მივედი, სადაც სასადილოში ფორტეპიანო უდგათ და ჩემთვის ძალზედ კომფორტულია ცხოვრება იქ, სადაც შემიძლია ინსტრუმენტით ვისარგებლო, ახლაც სამუშაოდ ვარ ბათუმში, ახალ სიმფონიურ ნაწარმოებს ვწერ საყვირისა და ორკესტრისათვის, რომლის შესასრულებლად სპეციალურად ჩამოდის თბილისში ლეგენდარული მესაყვირე სერგეი ნაკარიაკოვი. სასტუმროს მესვეურებმაც სიურპრიზი გამიკეთეს და პირველ ღამეში საფასურს არ მახდევინებენ, ხოლო დანარჩენ დღეებში განსაკუთრებული ნომერი სტანდარტულის ფასად შემომთავაზეს“...
მასალის გამოყენების პირობები






