სანდრო გირგვლიანის საქმის მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე დუმილს არღვევს. „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ბუხაიძე ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს.
ასევე საუბრის დასაწყისში იგი დათა ახალაიას ადვოკატს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზაქარეიშვილი პროვოკატორია:
„ეგ კაცი პროვოკატორია, ცდილობს მოთმინება დაგვაკარგვინოს. ზაქარეიშვილს რომ ჰკითხო, მე ჩემი მეგობარი ვაწამე და მოვკალი. ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, არაფრად ჩავაგდო მისი პროვოკაციული გამოხდომები. ვიღაცების დავალებას ასრულებს და შეგნებულად ავრცელებს ცრუ ვერსიებს. ტყუილად ირჯება ზაქარეიშვილი, ის იმ სიცრუის მანქანის ნაწილია, რომელიც მე, ერთადერთ ცოცხალ მოწმეს, ყველა ხერხით მებრძოდა.
გამოძიების შედეგები შოკისმომგვრელი შეიძლება იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც ესენი მალავდნენ. მალე ყველაფერი გამოჩნდება.
„შარდენ ბარში“ მისვლამდე, მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები ბარ „კაიზერში“, სიონის ეკლესიასთან ახლოს, ნინოობას აღვნიშნავდით. ბარიდან რომ გამოვედით, სანდრომ მეგობარ გოგონას, თათია მაისურაძეს დაურეკა, რომელიც „შარდენ-ბარში“ იყო და ჩვენც იქ მივედით ყავის დასალევად... იქვე, მეორე მაგიდასთან ისხდნენ ვასილ სანოძე, თაკო სალაყაია, დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი და თათია მაისურაძე. სანდრო თათიას დაელაპარაკა, რის შემდეგაც ბარიდან წამოვედით.
კონფლიქტს მე არ შევსწრებივარ. საპირფარეშოში გავედი და შესაძლოა, იმ დროს მოხდა რამე. სხვა სუფრის წევრები ამბობენ, რომ სანდრომ შეურაცხმყოფელი რეპლიკები ესროლა მათ... გარეთ გამოსულები ლესელიძის ქუჩას ფეხით გავუყევით. 12 გრადუსი ყინვა იყო და მანქანები აღარც დადიოდნენ. მალე ML-ის მარკის ვერცხლისფერი ჯიპი წამოგვეწია, გადმოხტნენ, ხელები გადაგვიგრიხეს და მანქანაში ჩაგვყარეს. გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლები ვართო. საბუთები და მობილურები ჩამოგვართვეს და ოქროყანაში აგვიყვანეს. გზაში სანდრომ იკითხა, სად მიგყავართ, აქეთ განყოფილება არ არისო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმა გაარტყა. მიგვიყვანეს სასაფლაოზე და პირდაპირ ცემა დაგვიწყეს. ცალცალკე გვცემდნენ, მას შემდეგ სანდრო აღარ მინახავს, მარტყამდნენ ხელებს, წიხლებს და იარაღის ტარს. ერთხანს ჭკუა გადამეკეტა, წინააღმდეგობას ვუწევდი, წამოდგომა ვცადე და ჩემს დასაშოშმინებლად გერონტი ალანიამ ჰაერში გაისროლა... ბოლოს, როცა ნაცემი ძირს დამაგდეს, ვიღაცამ დაიძახა სანდროზე, გაიქცაო, რაზეც ალანიამ უპასუხა, გამოსირებულები რომ ხართ, იმიტომ გაიქცაო. სანდროს ლანდი არ დამინახავს, არც გაქცევის ხმა გამიგონია. მოძალადეებმა ტანსაცმელი გამხადეს და ყველა ერთად მცემდა, ძირითადად სახეში მირტყამდნენ, ერთმა ტელეფონი მომანათა სახეში - ალბათ, ფოტო გადამიღო. გულზე ჯვარი და ხატი მეკეთა და ალანიამ მითრა, ცოცხალი რომ ხარ, ამ ჯვარს და ხატს უმადლოდეო და წავიდნენ...
წელი ძლივს ავითრიე და ფორთხვით ამოვედი ზემოთ, ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე, ეტყობა, წაიღეს. ფეხშიშველმა ძლივს გამოვაღწიე სასაფლაოდან.
გზადაგზა ვეძახდი სანდროს, მაგრამ ხმა რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ, თავს უშველა-მეთქი, შიშველს მანქანამ ჩამიარა, მაგრამ ასეთ ყინვაში მაისურისა და საცვლის ამარას არ გამიჩერეს. ავტოგასამართ სადგურს მივადექი, კარი დაკეტილი დამხვდა და ვერანდაზე ავედი. იქ მუყაო ვიპოვე და ცოტა ხანს იმაზე დავდექი, რადგან საშინლად გაყინული ვიყავი. იქვე, ორი დაგდებული მანქანა ვნახე, ვიფიქრე, შალითებს მოვხსნი, შემოვიხვევ და მერე პატრონს დავუბრუნებ ან ფულს მივცემ-მეთქი. ამ დროს ფანჯარაში შევნიშნე, რომ პირველ სართულზე სპირალიანი გამათბობელი ენთო, მივხვდი, ვიღაც იყო შიგნით. ჩამოვედი და კარზე ვაბრახუნე. მოხუცმა დარაჯმა გამიღო. ავუხსენი, დაგვაყაჩაღეს, გთხოვთ დამარეკინეთ-მეთქი. ტელეფონი არ მაქვს და ვერც პოსტს დავტოვებო, მერე მოხუცმა პლედი მომახურა და გავითიშე...
დილით გზაზე ვიღაც მამაკაცი გამოვიდა, გამოვართვი მობილური და პატრულს დავურეკე. ჩამიყვანეს პოლიციაში, მათაც ვუთხარი, მე და ჩემი მეგობარი დაგვაყაჩაღეს-მეთქი, ვინაიდან არ ვიცოდი, რა მოხდა... დავიწყეთ სანდროს ძებნა, მეგობრებთან, ახლობლებთან, შემდეგ საავადმყოფო გადავამოწმეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბოლოს ჩვენი მეგობრები ავიდნენ ოქროყანაში და ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი სანდროს მხოლოდ ფოტოები ვნახე. ისეთი დაზიანებები აქვს დარწმუნებული ვარ ჩავარდნით ვერ მიირებდა. ჭრილობები ჰქონდა ყელის არეში, პარალელური ნასერი ჭრილობები როგორც ტანზე, ისე მკლავებზე... სხვა ვერსიებთან ერთად, პოლიცია დანაშაულის დაფარვის ვერსიაზეც მუშაობდა და ან ბრალდებით დამაკავეს. ორი დღე იზოლატორში გავატარე. მერე რამდენიმე ჩვენება მივეცი. პირველ ჩვენებაში დავწერე, დაყაჩაღების მიზნით გაგვიტაცეს და გვცემეს-მეთქი.
ომოცნობის დროს, მხოლოდ ალანია ამოვიცანი, დანარცენებს გამოძიებამ დაადო ხელი. გამოძიებამ დამალაპარაკა ქალაქის იმჯამინდელ პროკურორ გიორგი ღვინიაშვილთან, მიტხრა, ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო, მანქანით მოგაკითხავენ და ადვოკატის გარეშე წამოდიო. შეხვედრისას მითხრა საქმე გამძიებულია, დამნაშავეები - დაკავებულიო. მნიშვნელობა არ აქვს, ამოიცნობ თუ არა, ჩვენ მაინც გამოძიებული გვაქვს ყველაფერი, შენ მხოლოდ პროცედურა ჩაატარეო. როდესაც 4 ეჭვმიტანილი წამომიდგინეს, მათგან მხოლოდ ალანია ამოვიცანი, რაჭავასა და აფციაურზე ვთქვი ჰგვანან იმ პირებს-მეთქი, მაგრამ მათთვის ხელი მაინც არ დამიდია. ბიბილურიძე საერთოდ ვერ ამოვიცანი, იმ ღამით ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა ალანია და ვერცხლისფერი ML-ის ჯიპი...
ამოცნობიდან ორ დღეში ისევ დამიკავშირდა გიორგი ღვინიაშვილი და უკვე სხვა ტონით მეუბნება - მელნიკოვი იქ არ ყოფილა, იცოდე, ტყუილად არ ამოიცნო და თუ ამოიცნობ, შენზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება მოგიწევსო.
მელნიკოვი ბარიდანვე მახსოვს, ისეთი სპეციფიკური გარეგნობა აქვს, არ შეიძება, ერთხელ ნახო და არ დაგამახსოვრდეს, ღვინიაშვილის მუქარამ უფრო გამიმყარა ეჭვი, რომ მელნიკოვი იყო დანაშაულის თანამონაწილე. სასამართლოზეც დავინახე, როგორც ცდილობდნენ, მელნიკოვის საქმიდან სუფთად გამოყვანას. მე და სანდროს თითქოს გარეთ მოგვივიდა რაღაც კონფლიქტი და იმ ოთხეულმა თავისი ინიციატივით დაგვსაჯა, რაც აბსურდი იყო. სხვათა შორის, მელნიკოვის ფოტო პირველად ზვიად ძიძიგურმა მაჩვენა და მაშინ მეცნო ძალიან, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი...
იმ სუფრიდან მიირეს შეკვეთა, ამათ მიხედეთო, კონკრეტულად კი ვერავის დავადანაშაულებ. ეს პროკურატურამ დაადგინოს. რვა წელი გავიდა სანდროს გარდაცვალებიდან, ირინა შვილის სიკვდილსა და უსამართლობასთან ბრძოლას გადაჰყვა. ოჯახი განადგურდა და ჩემს ოჯახზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ რაც გადავიტანეთ ეს ცალკე თემაა.
მე და სანდრო ბანკში ვმუშაობდით ერთად. ძალიან გულღია და პირდაპირი ბიჭი, ნამდვილი ვაჟკაცი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სანდრო აღარ არის და ამის შემდეგ ჩემს პირადზე როგორ ვილაპარაკო? მე ცოცხალი მაინც დავრჩი. ცალკე სანდროს დაკარგვამ საშინელ დღეში ჩამაგდო, მერე ამდენმა გაურკვევლობამ და ეჭვებმა დამრალა. თავიდან რაღაც სვანურ გარცევებზე ლაპარაკობდნენ, ამბობდნენ ბრილიანტები ვერ გაიყვესო და ათასი სიბინძურე უნდოდათ დაებრალებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
ჩემი ინფორმაციით, იმ ოტხიდან არცერთი არ არის საქართველოში. ისინი რომ სასათბურე პირობებში ჰყავდათ, ამით ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა ფეხებზე დაგვიკიდა. მე მას შემდეგ განახევრებული ვარ.
ეს საქმე მალე დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მთელი ქვეყნისთვის უნდა გახსეს ცხადი, ვინ, რა, როდის და რატომ ჩაიდინა.
მე და ჩემი მეგობრები რამდენჯერმე ვიყავით შარდენ-ბარში, სპეციალურად შევედით, მინდოდა, მომხსნოდა ის სიმძიმე, რასაც წლებია ვატარებ, მაგრამ ამაოდ. ცხოვრება მიდის და რაღაცები ქარწყლდება ორი რამის - „შარდენ-ბარისა“ და ოქროყანის სასაფლაოს გარდა“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ბუხაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






