მეუფე იობი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ციხეში შეხვედრის დეტალებს იხსენებს. მეუფე აცხადებს, რომ მერაბიშვილს მასთან შეხვედრა არ სურდა, დაშორბისას კი ყოფილ პრემიერს განუცხადა, რომ მის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა:
„ვანო მერაბიშვილს მე ციხეში შევხვდი, მე ბავშვობიდან ასეთი ბუნება მაქვს - როცა ჩემს მტერს წაქცეულს დავინახავ, სიბრალულის გრძნობა მიპყრობს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი, მივიდე და ხელი გავუწოდო... სწორედ ასე გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას...
ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ - მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო. მე მამაოებთან არ გამოვალო - უპასუხა. მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა არ უთქვამთ რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხედა, გაოცებულმა მკითხა - თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა ვარ. თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო... მე ვკითხე - რას გულისხმობთ ლიბერალიზმში - ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნეობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნორიების ხარჯზე, ესაა თქვენი ლიბერალიზმი-მეთქი? მერე მითხრა შენ ვის დაუდექი გვერდში - ივანიშვილსო? მე ვუპასუხე, რომ ივანიშვილს დავუდექი გვერდში იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა, თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდით, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი ნახავთო... ჩვენი შეხვედრის და საუბრის შესახებ რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა - აუცილებლად დაწერე ისტორიული ფაქტიაო...
მე ვუთხარი, გავიგე რომ სადღაც დამიცავით და რატომ მეთქი? არა, ეგ არასოდეს არ მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია მოვიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან-მეთქი... თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა... ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ, რომ მობრძანდითო და წავიდა.. გასვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა“, - აცხადებს მეუფე იობი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






