ბოლო დღეების სოხუმის მოვლენები გამბიტურ სანახაობას ჰგავს. საოკუპაციო რეჟიმის მეთაური ანქვაბი მოსკოვმა გაწირა. აპირებს მოიყვანოს ხაჯიმბას ჯგუფი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობს სეპარატისტულ ოლიმპზე აბობღებას. ერთი შეხედვით, თითქოს კვანტის ადრესატიც ცხადია და მისი დამდების მისწრაფებებიც. სამიზნე-საქართველოა, ხოლო სასურველი შედეგი-ოკუპირებული ტერიტორიების მიერთება, გალში დაჩენილი ქართველები მორიგი წმენდისა და ენგურს გამოღმა გამოყრა იმითვის, რომ ხელი შეგვიშალონ დასავლეთისკენ - ევროკავშირისა და ნატოსაკენ სვლაში.
ისეთ მტერთან გვაქვს საქმე, ვიცით რა მისი კანიბალური ინსტინქტები, ეს ვერსია მთლად უსაფუძვლო არ არის, ჩვენი მრავალწლიანი სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე და თუნდაც უკრაინის მოვლენების გამო. ამის გამკეთებელი პუტინი ნამდვილად არის. აფსუების სტაჟიანი იდეოლოგის და ერთ-ერთი ,,ამბოხებულის“ - სერგეი შამბას ძმის - ტარასის პირით ინკორპორაცის რჩევა ჩვენს გასაგონად სოხუმს უკვე მიეცა. ხაჯინბამ კი ასევე რუსული ,,შპარგალკით“ დაურიდებლად გვამცნო გალიდან ქართველების გაძევების მოთხოვნა, როგორც ხალხის დაკვეთა. მაგრამ არის ეს ყველაფერი უთუო და უთუმცაო, ზედმეტად აშკარად ხომ არ ჩანს ზედაპირზე და კიდევ სხვა რამ ხომ არ იმალება ამ პარტიაში? ვგონებ, ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი და აშკარა პასუხები შეიძლება ყველაზე სწორი არ იყოს, დაფიქრება და განსჯა ნამდვილად გვმართებს და აი რატომ:
მოვლენათა ლოგიკიდან გამომდინარე, ერთი ვერსია კიდევ უნდა არსებობდეს. მთელი ეს მასკარადი კრემლს სჭირდება ივანიშვილის ხელისუფლების გადასარჩენად და სხვა კრემლოიდების მდგომარეობის გასამყარებლად. ,,ოცნების“ რეჟიმს უკვე წყალი აქვს შემდგარი და სულს ღაფავს. არც სხვა რუსეთუმეები გრძნობენ თავს გალაღებულად უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისა და მსოფლიოს ძლიერ ანტირუსული რეაქციის ფონზე. აფხაზეთი და ცხინვალი ერთიან კონტექსტში განიხილება უკრაინასთან, ჩვენი პრობლემების მიმართ დასავლეთი უაღრესად მტკიცე, სოლიდარული და შემტევი გახდა. დეოკუპაციის საკითხი უაღრესად აქტუალურია ბოლო თვეების მანძილზე, ისევე როგორც დასავლურ სტროქტურებში ჩვენი ინტეგრირების დაჩქარების პერსპექტივა.

მაგრამ ეს ყოველივე ჩვენთვის სულ წყლის ნაყვა იქნება, თუ მსოფლიოს არ დავანეხეთ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის ძლიერი ნება და თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთება, ისევე როგორც უკრაინელებმა. არავინ ჩვენს საქმეს ჩვენს ნაცვლად არ გააკეთებს. ხელს გაგვიწვდიან მხოლოდ მაშინ, თუკი დაინახავენ ჩვენს ურყევ და შეურიგებელ ნებას აგრესორისადმი. ეს ერთადერთი და უტყუარი ფორმულაა მოძალადისაგან თავის დასახსნელად. აქ ხელისუფლების ფაქტორი გადამწყვეტია. ის არის მაგალითი და წარმომადგენელი, სათანადო განცხადებების, წინადადებების და მოთხოვნების გენერატორი, გნებავთ ცივილიზებული სამყაროს მოსაბეზრებლად შემწუხებელიც კი. ასეთი ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს. ჩვენი ხელისუფლება პრომოსკოვურ-კაპიტულანტურია და აქ უნდა უჭირდეს ეხლა კრემლს.
აზრის სიცხადისათვის დავუბრუნდეთ ისევ აფხაზეთს. ანქვაბი და ხაჯიმბა ორივე მოსკოვის ყურმოჭრილი ყმები და დირექტივების უსიტყვო შემსრულებლები არიან. მათ რაიმე გადახვევის არც სურვილი აქვთ და არც შესაძლებლობა, ძალიანაც რომ უნდოდეთ. ერთიც რუსეთის გენერალია და მეორეც.
დიდი გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ანქვაბს დამოუკიდებლობის რაიმე ხარისხი ჰქონდა. აფხაზეთი გაძეძგილია რუსული არმიის ნაწილებით, უშიშროების სტრუქტურებით და უბრალოდ ადგილობრივი მრავალრიცხოვანი აგენტურით. მას საკუთარ კაბინეტში თუ არა, მისაღებში მაინც ეყოლებოდა ღიად ვინმე მიჩენილი, ვინც მომენტალურად და სასტიკადაც დასჯიდა ურჩობისათვის. არც ხაჯიმბაა რაიმე განსხვავებული. ის სტუდენტობიდან მახსოვს. ძალიან უსახური და უღიმღამო ვინმე იყო. არაფერში გამოირჩეოდა. უბრალოდ სახე დამამახსოვრდა, რადგან ერთ ფაკულტეტზე ვიყავით. სოხუმის უნივერსიტეტში ის ჩადეს, მოსამზადებელი განყოფილებიდან მოვიდა და სწავლაშიც საკმაოდ ბუქსაობდა. ეტყობა ამ თვისებების გამო, მაშინაც თანამშრომლობდა უშიშროებასთან და სადაც ჯერ არს აწვდიდა ცნობებს ჩვენსა და ჩვენი ლექტორების შესახებ. ხოლო შემდეგ, ალბათ როგორც წარმატებული დამბეზღებელი, სუკ-ის მინსკის აკადემიაში გააგზავნეს და ოციოდე წლის წინ ოფიციალურ ჩეკისტად გაამწესეს.
ასე, რომ ცვლილების აუცილებლობა ვინმეს ორგულობისა თუ ბრძანების შეუსრულელობის გამო მოსკოვს არ ჰქონდა. მისთვის ორივე ერთნაირად საიმედო იყო და არის. ერთადერთი უპრატესობა, რაც ხაჯიმბას აქვს, არის უფრო მეტი აგრესიულობა, თავხედობა და ინტელექტის დეფიციტი, აგრეთვე ის, რომ ახალი ძალა ყოველთვის გაცილებით რეიტინგულია ხალხში, შედარებით ნაკლებად კორუმპირებული და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე უფრო ავტორიტეტული.
რაც შეეხება რუსეთთან გაერთიანების თემას, ვერც ანქვაბს შესთავაზებდნენ მას ამჯერად სათქმელად და ვერც ხაჯიმბას. ჩაკეტილ, თემური მენტალობის საზოგადოებას, რომელსაც ორი ათეული წელია ყური გამოუჭედეს ვითომ დამოუკიდებლობითა და გამორჩეულობით, ასე ერთბაშად ვერც ზნეს შეაცვლევინებ და ვერც ფერს. იქაური ელიტა არის სიმბიოზი დანიშნული პარტიების, ჟურნალისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მეცნიერებისა და მწერლების. ესენი კრემლის ულუფით საზრდოობენ, თუმცა ე.წ.დამოუკიდებლობა მათი მრავალწლიანი საფირმო ნიშანია და მისი ერთბაშად ჩამოხსნა ადვილად ვერ მოხერხდება. ასეთი მოთხოვნა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი იქნება, სიძულვილით და რასიზმით მძიმედ დასნებოვნებული აფსუა საზოგადოება ამას ვერ გაიგებს, ვერ გაუძლებს, რაც უცილობლად სერიოზულ და შესაძლოა ტრაგიკულ ექსცესებსაც კი გამოიწვევს არა მარტო ერთმანეთში, არამედ რუსების მიმართაც. ამიტომ შოკური თერაპია და რაიმე ფორსირებები ამ მიმართულებით მოსკოვს არ უნდა აწყობდეს. ის კი არა, ახლაც შეეშინდათ ექსცესების, რაც ბუნებრივად ხდება ხოლმე ელიტის ცვლილებისას. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ორი რუსი მაღალი რანგის ჩინოსანი სურკოვი და ნურგალიევი სწორედ ამიტომ ჩამოვიდა სოხუმში, ცივ ტილოებს აფენდნენ ანქვაბისტების გაცხელებულ თავებს, რისთვისაც მათი ბელადი რამდენიმე დღით გუდაუთის ბაზაშიც კი გამოკეტეს.
რუსეთს ალბათ არც თავად ინკორპორირების იდეა ხიბლავს ამჟამად, ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინის გამო. მისი გათვლით, ყირიმის შემდეგ, ის კიევში თუ არა აღმოსავლეთ უკრაინის რვა რეგიონში უცილობლად უნდა ყოფილიყო თავის ჯარით. მაგრამ არ გამოუვიდა. უკრაინელებმა და დასავლეთმა ერობლივად ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს ყველა მიმართულებით.
არნახულად მკვეთრი და ერთსულოვანია წამყვანი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. რუსეთს განიხილავენ, როგორც მოწინააღმდეგეს და საერთაშორისო დამნაშავეს. ნატოს სამხედრო მზადყოფნა აქვს გამოცხადებული, საგრძნობი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებიც დაწყებულია კანადიდან ავსტრალიამდე. ყველამ დაგმო რუსეთი, თავისი სახელი შეარქვა ამ საერთაშორისო ყაჩაღს და ევრაზიული ოცნებები სულ თავზე წამოამხეს. მას უკრაინის საზღვრიდან მთავალირცხოვანი სამხედრო შენაერთების გაყვანა აიძულეს, ეკონომიკური სანქციების მესამე ეტაპი-ყველაზე მძიმე სექტორული ეკონომიკური დარტყმების გადაწყვეტილება შეთანხმებულია და მათი ამოქმედება სულ წკიპზეა. უკრაინამ შეძლო პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, ხელისუფლება სრულად ლეგიტიმურია და მნიშვნელოვან დახმარებებს იღებს. რუსი ტერორისტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კუპირებულია და მათ მუსრს ავლებენ. რუსების მონაწილეობით არსებული ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი შეჩერდა და მათთვის ხელის ჩამორთმევაც ეთაკილებათ.
ამ ვითარებაში კიდევ რაიმე ტერიტორიის მიერთების განცხადება დამატებით მიზეზსა და ძლიერ იმპულსს მისცემს დასავლეთის შეურიგებლობას რუსეთის მიმართ და ჩქარა მოაახლოებს მის საბოლოო კრახს. მოსკოვის ასეთი დემარში ჩვენთვის დიდად არაფერს შეცვლის, მაგრამ პუტინისათვის ეს ნამდვილად პოლიტიკური ჰარაკირი იქნება.
იგივე ეხება გალის პრობლემას, სადაც ქართველობა ორი ათწლეულია ცხოვრობს ბედის ანაბარად მიტოვებული და არა იმიტომ, რომ ისინი გულზე ეხატება ვინმეს. გალის რაიონი ქართველების ერთი დიდი საკონცენტრაციო ბანაკია. ერთგვარი 21-ე საუკუნის ,,გულაგი“, სადაც მათ მხოლოდ არსებობის უფლება აქვთ უსაფრთხოების გარეშე. რა უნდა ითქვას საერთოდ, როდესაც მთელს რაიონზე მხოლოდ 7 ექიმია. ქართველებს აკრძალული აქვთ ენა და ეროვნება, რაიმე საზოგადო საქმეში თუ ბიზნესში მონაწილეობა, მათვის არ არსებობს ქართული სკოლა, რაიმე კულტურული დაწესებულება თუ ეკლესია. შებინდების შემდეგ სახლიდანაც არავინ გამოდის და ზედმეტად ხმას არსად არავინ იღებს. მათი ფსიქიკა უაღრესად ტრამვირებულია და მხოლოდ ყოველდღიური სარჩო-საბადებლის მოპოვებით არის დაკავებული. პატრონი მათ არ ჰყავს და გამკითხავი. ნარკომანია და შიდსი ჭამთ. მძვინვარე აპარტეიდი და მონობა - სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამგვარ ყოფას.
ეს მდგომარეობაც დიდ წყალობად ითვლება. სანაცვლოდ წელში უნდა გაწყდნენ და გროშების ფასად კვებონ აფხაზეთი. გალი ის ბეღელია, რომელიც ასაზრდოებს მუქთახორა აფსუა ელიტას. კრემლიდან გამოგზავნილი ფული სახრავად არც ისე ბევრია, მისი დიდი ნაწილი ,,ატკატების“ და ქრთამების სახით ისევ რუსებს უბრუნდებათ, ხოლო გალელებისათვის დაწესებული არაადამინური ბეგარისათვის პასუხს არავინ აგებს და არც არავისთვის არ არის რაიმე დასაბრუნებელი. სოხუმის მოვლენები ცხადყოფს, რომ შიდაელიტურ დაპირისპირებაში მაძღარ ჯგუფებს მშივრები ენაცვლებიან და რატომ იტყვიან ეს დამშეულები ასეთ სარფაზე უარს, რომელიც მათ თითის გაუნძრევლად უხვად მოუვათ. რომელი მონათმფლობელს უთქვამს ნებაყოფილებით უარი მონებსა და მონობაზე.
გალის წმენდა რუსებისათვისაც არ უნდა იყოს ხელსაყრელი და არა მარტო იმიტომ, რომ ამ შემოსავლების კომპენსირება სოხუმელი ლაქიებისათვის თავად მოუწევს. არამედ სხვა მიზეზითაც. წლების მანძილზე ჩვენს პრეტენზიას საერთაშორისო არენაზე აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ პუტინი სწორედ ქართული მოსახლეობის გალში ცხოვრების და მისი რაოდენობის ფაქტით იგერიებდა. რატომ უნდა აიღოს ხელი ამ დემაგოგიურ არგუმენტზე მოსკოვმა, მითუმეტეს მისთვის ასეთ არასახარბიელო დროს. რატომ უნდა დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა ქართველების გასახლებისათვის, რაც არანაკლებ რეზონანს გამოიწვევს დასავლეთში, ვიდრე ტერიტორიების მიერთება. თანაც, გალელები იქ არავის ერჩიან, ნეიტრალურები არიან შიდა პროცესების მიმართ და თავისი ბეჩავი მდგომარეობის გამო აბსოლუტურად დამორჩილებული.
თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ მასობრივი წნედის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ძალიან მძიმე დროს ფაქტიურად არარსებულმა საქართველოს სახელმწიფომ შეძლო 300 ათასი ადამიანის მიღება აფხაზეთიდან, ხოლო სულ ახლახან, 2008 წელს უფრო მყარად ფეხზე მდგომმა - გალის მოსახლეობაზე რამდენჯერმე მეტის - ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან. ქვეყანამ გაუძლო ამას, მეგობრებიც დაგვეხმარნენ და არც არავის დაუწუწუნია. საფიქრებელია, რომ მოსკოვში ესეც კარგად ესმით და არა აქვთ იმის ილუზია, რომ ასეთი აქციით მნიშვნელოვნად დააზიანებენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და შეაცვლევინებენ დასავლურ კურსს.
გათვლა ალბათ უფრო სხვაზეა: კატასტროფის მოლოდინით, ოკუპირებული ტერიტორიების ყირიმიზაციისა და ქართველების გასახლების საფრთხეებით პერმანენტულ შანტაჟსა და დაშინებაზე; ერთგვარად, დამოკლეს მახვილის გამოკიდებაზე ჩვენს გულუბრყვილო თავებზე. თუ არ მოვიქცევით ისე როგორც მოსკოვს მოეწონება, ისევ ცნობილი მოწოდებებით ააყვირებენ ნეანდერტალელ ხაჯიმბას, უხუცეს ჩეკისტ ტარას შამბას და კიდევ ვინ იცის - ვის. აქეთ კიდევ ბანს ცხინვალიდანაც მიაცემინებენ. თბილისიდანაც აუწყობენ ხმას. იტყვიან, აბა რა ვქნათ კონსტრუქციულები თუ არ ვიქენით მტერთან, დავკარგავთ აფხაზეთსა და ცხინვალს, იქაურ ქართველებს დაგვიწიოკებენ და სულ კინწისკვრით გამოგვიყრიანო.
საქართველოში რუსეთისათვის მაამებლური, კაპიტულანტურ-კოლაბორაციონისტული გარემოს შენარჩუნებაა ეხლა კრემლის მთავარი მიზანი, რაც უკრაინის კრიზისმა საკმაოდ შეარყია. ამ გარემოში ჩვენი ,,შულავერის მთავრობა“ თავს იგრძნობს როგორც თევზი წყალში, გადარჩება და წარმატებულად გააგრძელებს პატრონის სამსახურს. პუტინი კიდევ ცოტა სულს მოითქვამს, ყოველ შემთხვევაში კავკასიონის აქეთ მაინც.
ეს სქემა უკვე ამოქმედდა. როგორც კი სოხუმის ამბები ჩამთავრდა, იმავდროულად ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა მორიგ სამიტზე საქართველოსათვის ,,მაპის“ მინიჭების შესახებ. შუშის სასახლის მბრძანებლბელმა იმწუთას სასწრაფოდ აფრინა გერმანიაში პრემიერი და მუხლებში ჩაუგდო მერკელს მოთქმა-გოდებით: არიქა, ვიღუპებით, არ გვინდა ამ ეტაპზე ,,მაპი“, თორემ ხომ ხედავთ რას გვიმზადებენ აფხაზეთში.
კანცლერმაც ამ უთავმოყარეო საქციელის გამო შეიტანა დისონანსი საერთო ევროპულ განწყობაში და გვითხრა ის, რასაც ვიმსახურებდით - არ გინდათ, ნუ გინდათო. თანაც დიპლომატიურად დაგვცინა. თქვა, რომ ენდობოდა ღარიბაშვილის ინფორმაციებს და მიესალმა მის კონსტრუქციულ პიზიციას რუსეთის მიმართ. აბა, რას ეტყოდა რუსეთის ყმას... ისე, ძალიან ჰგავს ეს ეპიზოდი იანუკოვიჩის ბოლო შეხვედრას მსოფლიო ლიდერებთან. ყველა გვახსოვს, როგორ ვაჭრობდა ის ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერით, ვითომ რუსეთისაგან დაშანტაჟებული როგორ აღვარღვალებდა ნიანგის ცრემლებს, მათ შორის მერკელთან, და როგორ ,,გამოსტყუა“ მათ საკუთარი ხელმოწერა. მისთვის საყვედური არავის უთქვამს, ისიც ისეთივე სიტყვებით გამოისტუმრეს, თუმცა არ დაუჯერეს.
მადა ჭამაში მოდისო და ევროპაში საქმის გაკვაჭვით ფრთაშეხმული პრემიერი ეხლა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პოროშენკოსაც მისდგა, აგრესორთან კონსტრუქციულობა და თავზე ნაცრის წაყრა ურჩია, როგორც თვითონ და მისი დიადი მასწავლებელი - პრემიერყოფილი ,,მოქალაქე“ ირჯებიან.
ამასობაში სოხუმელი ნეანდერტალელიც მოლბა. მან უკვე გალელთა პასპორტებზე, მხოლოდ როგორც პრობლემაზე დაიწყო რბილად საუბარი და საგანგებოდ აღნიშნა, რომ უბრალო ხალხი არაფერ შუაშია. ღარიბაშვილმა კი, თავის მხრივ, სოხუმში მომხდარი მხოლოდ საკადრო ცვლილებებით ახსნა და გამორიცხა რუსეთის ინსპირაცია. უფრო შორს წავიდა ძირძველი კრემლოიდი, მინისტრი ზაქარეიშვილი, რომელმაც სოხუმში მოვლინებული კრემლის ემისრები სულ ქათინაურებით აავსო მომრიგებლობისა და მშვიდობისმყოფელობისათვის.
ასე და ამგვარად ხელი ხელს ბანს, ორივე ხელი პუტინის პირს და ასე აპირებენ სერიალის გაგრძელებას. ამ საქმეებისათვის ხაჯიმბა-ღარიბაშვილის (იგივე ივანიშვილის) ტანდენმისათვის საზღაური და ჯილდო ძალაუფლება, კრემლის ფული და გარანტირებული პირადი უსაფრთხოებაა. ჩვენ ვიკითხოთ თორემ...
საჭადრაკო გამბიტებში შეწირვის მიუღებლობა თავმოყვარე მოჭადრაკისათვის კარგ ტონად არ ითვლება. თუმცა, ამის შემდეგ, ის ხანგრძლივ თავდაცვაზე უნდა გადავიდეს და ძალიან ზუსტად ითამაშოს, რომ არ წააგოს, ისეთ უპირატესობას აძლევს ტემპებში დადებული კვანტი შემწირველს. მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობაც - კონტრგამბიტი ჰქვია მას სახელად -შეწირვაზე შეწირვით პასუხი, მოწინააღმდეგესთან მისივე იარაღით შებრძოლება, თამამი და გაბედული მოქმედება, მოულოდნელი და ამით ეფექტური.
ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. კარსმომდგარ ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის ყუთებთან მტერს მთელი მისი ,,ოცნება“ შევწიროთ თავის პრემიერიან-ფაშიანად და რუსეთუმე ქოროსთან ერთად. ეს გაცილებით ღირსეული და შედეგიანი საქმე იქნება, ვიდრე სანგარში ჩაცუცქული ჯდომა, მოძალადესთან უცხვირპირო და სამარცხვინო ლაქუცი.
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






