„ცეკვავენ ვარსკვლავების“განსხვავებული ტური - ზაფხულის ცეცხლოვანი ცეკვებით დაიწყო. შემდეგ კი კონკურსანტებმა 2-2 ცეკვა შეასრულეს. ჟიურის შეფასებით მეორე ტური ბევრად უკეთესი და დრაივით სავსე იყო, ვიდრე პირველი.
განსაკუთრებული ქება - იასენიამ, მიშა მესხმა, თიელმა და ჯულიანა ბაგნარმა დაიმსახურეს. „ეს ბიჭი თუ ფინალში ვერ ვნახე გულიც გამისკდება,“ - აღნიშნა თიელზე შეყვარებულმა ინგა გრიგოლიამ. „მაგარი და ცეცხლოვანი ბიჭი ხარ“ - მიმართა მან კონკურსანტს.
რაც შეეხება იასენიას ის ჟიურის წევრებმა ასე შეაფასეს: ცეცხლოვანი, ვნებიანი, არტისტული და მომაჯადოებელი. გოჩა ჩეტკოევის თქმით კი საქართველოში ნომერ პირველი მოცეკვავე ჯულიანა ბაგნარია. ხოლო ინგა გრიგოლიას თქმით ის ნომერ პირველი ქალიც არის ამ ქვეყანაში.
ჯულიანამ და მიშა მესხმა მეორე ტურში ბრწყინვალე ცეკვა აჩვენეს მაყურებელს. მიშა მესხის ნიჭმა და არტისტიზმა ჟიური კვლავ მოხიბლა. განსაკუთრებული ქება ჟიურის მოწვეულმა სტუმარმა ლაშა ონიანმა გამოთქვა: „მიშა ბრწყინვალე ხელოვანია და საუკეთესოდ ირგებს ყოველივე იმას რასაც სთავაზობენ ქორეოგრაფები. ძალიან კარგი შოუ დადგით დასაწყისიდან დასასრულამდე“- აღნიშნა უცხოეთში მოღვაწე პროდიუსერმა და რეჟისორმა და შესაბამისი ქულითაც დააჯილდოვა კონკურსანტები. მიშას და ჯულიანას ლაშა ონიანისგან უმაღლესი ქულა ათიანი ერგოთ.
მასალის გამოყენების პირობები






