რუსეთის ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულიც გავა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გასული წლის 28 ივნისიდან, 7-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა. შ.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილისა და რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის არაერთგზის შეხვედრის შემდეგ "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას, საექსპორტო პარტიების ფორმირების და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესის ტექნიკურ დეტალებს გაეცნენ; საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაათვალიერეს ხილის, ციტრუსისა და თხილის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და შესანახი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება.
2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების - "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 15 ივნისს ეწვევიან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებენ საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს. აღნიშნული პროცედურა განხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე“, - ნათქვამია განცხაებაში.
მასალის გამოყენების პირობები






