ამის შესახებ „პრაიმერს“ მთავარი პროკურატურიდან კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა: „გიორგი კაპანაძემ განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას და გამოძიებასთან თანამშრომლობა ითხოვა.
ის თავის უახლოეს მეგობართან და ნათელმირონთან გიორგი ღონიაშვილთან ორი თვის განმავლობაში, დამაგრებული ფარული კამერით დადიოდა და მის ყველა საუბარს იწერდა, მანვე იცოდა ზუსტად, როდის ექნებოდა გიორგი ღონიაშვილს ავტომანქანაში პირადი თანხა. სწორედ „რიჟას“ „ნაკოლით“ მოახერხეს და შეარჩიეს სამართალდამცავებმა ღონიაშვილის დაკავების დრო.“ – აცხადებს “პრაიმერის”წყარო.
გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენჯერმე დააკავა, მათ შორის ერთხელ, პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძასთან ერთად.
„რიჟამ“ საპატიმროში რამდენიმე თვე დაჰყო და ორი მილიონის გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საქართველო დატოვა. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ბიზნესსაქმიანობაც განაგრძო. „რიჟამ“ რამდენიმე გახმაურებული ტენდერიც მოიგო, მათ შორის მისმა კომპანიამ 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შეასრულა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი ორი დღის წინ დააკავა. იგი ამ დრომდე „მოდულის“ იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.
წყარო: http://primerinfo.ge/
მასალის გამოყენების პირობები






