"ჩვენი ბიუჯეტი გათვლილია 5%-იან ზრდაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ სავალდებულოდ შესასრულებელი გვაქვს, თუმცა 6,3%-იანი ზრდის შესაძლებლობა პრემიერმა მსოფლიო ბანკის შესაბამისი პროგნოზიდან გამომდინარე არ გამორიცხა. არის სხვადასხვანაირი პროგნოზები, მოვლენები, ჯერჯერობით, დადებითად ვითარდება და ვნახოთ, თუ არ იქნა სერიოზული უარყოფითი ეფექტი, თუ არ გაღრმავდა კრიზისი, მათ შორის უკრაინაში, მაშინ ეს არის აბსოლუტურად შესრულებადი. თუ, დავუშვათ, ძალიან გაღმავდა რეგიონული კრიზისი, რასაც არ ველოდებით, მაშინ შეიძლება გადაიხედოს ციფრები. საერთოდ, ეკონომიკური ზრდა არ არის კონსტანტა, ესაა დაგეგმილი მაჩვენებელი და ნებისმიერი დაგეგმილი მაჩვენებელი მოიცავს გარკვეულ ცდომილებას, თუმცა 5%-იანი ზრდა იქნება შესრულებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა და განაცხადა, ამ კუთხით გამოცოცხლება ბევრ სექტორში შეინიშნება.
"განსაკუთრებითაა გამოცოცხლებული სამშენებლო სექტორი, შენდება უამრავი ახალი სასტუმრო, ტურისტული ობიექტები, არის ბევრი ახალი ინვესტიცია საფინანსო სექტორში, კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ თვეში "თიბისი ბანკი" გადის ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 300 მილიონამდე ინვესტიცია იქნება მოზიდული. ვაჭრობა არის გამოცოცხლებული ძალიან მნიშვნელოვნად, ასევე გვაქვს ექსპორტის ზრდაც", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






