5 ივნისს 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, თბილისში, გაიმართება საქველმოქმედო გალა კონცერტი - ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“ „უჩინარი ბავშვებისთვის“. საქველმოქმედო კონცერტში აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრი “ნოვაია კლასიკა“ და „ჯორჯიან ბრასი“.
შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციაში „პირველი ნაბიჯი საქართველო“, რომელიც ნინო ქადაგიძე, ჟვანიას მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და უკვე 15 წელიწადზე მეტია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გადარჩენას, ცხოვრების გარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ზემოხსენებული კონცერტი მთლიანად ეძღვნება „შინ მოვლის“ პროგრამას, რომელსაც „პირველინაბიჯი საქართველო“ ახორციელებს და ამ პროგრამის ფარგლებში ემსახურება 60 ბენეფიციარს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ორგანიზაციის შესახებ - “პირველი ნაბიჯი საქართველო“ არის არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ორგანიზაცია 1998 წელს დააფუძნეს ქალბატონებმა ნინო ქადაგიძე,ჟვანიამ და ჯეინ ქორბოიმ (საქართველოში ევროკავშირის პირველი ელჩის მეუღლე). თავისი არსებობის 15 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და სოციალური ინტეგრაცია. ამჟამად ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 300-ზე მეტი ბავშვისთვის. გვაქვს დღის ცენტრები თბილისსა და ქუთაისში (75 ბენეფიციარი), შინ მოვლის პროგრამა (60 ბენეფიციარი) და ადრეული ჩარევის პროგრამა (189 ბენეფიციარი), რომელიც ხორციელდება თბილისსა და ბათუმში.
მასალის გამოყენების პირობები