„მეოცნებე” ხელისუფლებას უცხოეთში მყოფი ემიგრანტები მათი სახელით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ციფრები, რომლებიც მათ წარმოგვიდგინეს, გახმაურებული პრემიების თემაზე არანაკლებ სკანდალურია.
ეს ამბავი თბილისში ამ დღეებში „გასკდა” „შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარებულ „ქართველი დიასპორის დღეები - 2014″-ის კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს.
საბერძნეთიდან მაშინვე დაგვიკავშირდა ემიგრანტი ლია წიქარიშვილი და გვითხრა, რომ კონფერენციაზე პრემიერის ნათქვამმა ემიგრანტები ფეხზე დააყენა:
„- ეს თემა მთელ ემიგრაციას გააერთიანებს და ბრძოლისკენ უბიძგებს. აუცილებლად მოვითხოვთ დაასახელონ ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც ეს თანხები გადაეცათ ან გადაეცემათ, რადგან რაც საზღვარგარეთ საქართველოს სახელით კეთდება, ყველაფერში მხოლოდ ემიგრანტების სისხლით, ოფლითა და წვალებით ნაშოვნი ფულია ჩადებული. ბოლოს და ბოლოს, უნდა გაირკვეს, სად მიდის ამათი გამოყოფილი თანხები, რომელსაც თითქოს ჩვენ სასიკეთოდ საქართველოს მთავრობები გამოყოფენ და მერე ამით ტრაბახობენ?!
სხვანაირად ემიგრანტებში ქართული სახელმწიფოს მიმართ უთანხმოება მომწიფდება და რით დამთავრდება, არავინ უწყის. ნახევარი საქართველო უცხოეთშია გადაკარგული და თბილისში ვის უტარებენ ასეთ ძვირადღირებულ დღეებს, არ ვიცი?! ასე ჭამდნენ ბიუჯეტის ფულს წინათაც და ახლაც იგივე ხდება. ითქვა, რომ თითქოს ამ თანხებით უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს შემოქმედებითი ღონისძიებების მოწყობაში ეხმარებიან, საკვირაო სკოლებს უწყობენ ხელს, რაც ასე, ნამდვილად არ არის.
ყველა ღონისძიება, რომელიც აქ საქართველოს სახელით ტარდება, ასევე საკვირაო სკოლები, ემიგრანტების ჯიბიდან ფინანსდება და საქართველოს ხელისუფლებას ამაში წვლილი არ მიუძღვის. რომელი ღონისძიებების მოწყობაზეა საუბარი, როცა საელჩოები იქ ქართველების უფლებებსაც არ იცავენ?! ერთხელ საკონსულოში წავიღე ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის სამედიცინო ისტორია. ეს ქალბატონი ძალიან ცუდად არის, სამი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მეოთხეც სჭირდება. შარდსადინრები აქვს დაზიანებული და საშინელ დღეშია, შლანგით დადის ქალი.
გვინდოდა, მას რაიმენაირად დავხმარებოდით და მცირედი თანხა მაინც ჩაერიცხათ მისთვის, მაგრამ გვითხრეს, არანაირი თანხები არ გვაქვსო. ქართველი ქალი საწოლს არის მიჯაჭვული და როგორ შეიძლება, რომ საელჩო, საკონსულო სულ არაფერში არ დაეხმაროს?! რა ღონისძიებაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და მისი ჯანმრთელობა ბეწვზე კიდია? მისი სამედიცინო ისტორია მეკავა ხელში და ელჩს ვეუბნებოდი, რომ ვაპირებ იგივე დოკუმენტები კოტე სურგულაძესაც გადავუგზავნო-მეთქი, მაგრამ ვინ მაცადა სათქმელის დასრულება? - სად აქვს საკონსულოს ამისი დრო, სად სცალია ამისთვისო?!
ამ ყველაფერს თქვენ ექსკლუზიურად გიყვებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი თქვენი წერილით დაიწყება. ამის მერე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც გავუგზავნი წერილებს, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილმა არ იცის, როგორ იყენებენ ამ თანხებს და როგორ ხდება მისი დატაცება. თქვენ გამოაქვეყნებთ, მე წერილს მივწერ და დაველოდები პასუხს.
თუ რეაგირება არ მოხდა და არ დაგვიკონკრეტებენ, სად მიდის ეს ფული, დამერწმუნეთ, ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ საქმიანობა. ეტყობა, ამათ ემიგრანტები უსუსური არსებები ჰგონიათ, მაგრამ აუცილებლად ნახავენ, რომ ეს ასე არ არის!” – აცხადებს ემიგრაციასი მყოფი ლია წიქარიშვილი.
ცნობისთვის: ქართული დიასპორის დღეებზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორული ორგანიზაციების დასახმარებლად, 400 000 ლარი გამოიყო.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ქართული დიასპორის პოტენციალი ქვეყანამ სათანადოდ უნდა გამოიყენოს. ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდსაც დაავალა, რომ დაიწყოს მუშაობა მის ინიციატივაზე, რომელიც ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით, ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს.
წყარო: primerinfo
მასალის გამოყენების პირობები






