საქართველოს 0-16 წლის ბავშვების 27% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს - ამ ინფორმაციას "იუნისეფი" ავრცელებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე ოჯახები, რომლებსაც ბავშვები არ ჰყავთ და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი:
"სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული.", - წერია კვლევაში.
გარდა ამისა, "იუნისეფის" კვლევამ აჩვენა, რომ 2012-2013 სასწავლო წელს უღარიბეს ოჯახებში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53 % დადიოდა რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47 პროცენტამდე ეცემა.
„ყველა ბავშვისთვის სოციალური დაცვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი,“ ამბობს ნადა მარასოვიჩი. „იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვაში, რომ ამ სისტემამ გაითვალისწინოს შეღავათები ბავშვებისათვის. ჩვენი კვლევის თანახმად, რეკომენდებულია ფულადი შეღავათი ყველა ბავშვისთვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს არ სჭირდებათ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს.“
ბოლო ორი წლის მანძილზე შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე, თუმცა მისი დონე კვლავ ყველაზე მაღალია სხვა მოსახლეობასთან შედარებით. საქართველო უთანასწორობის მაღალი დონის მიხედვით მეორეა ევროპაში.
წყარო: http://liberali.ge/
მასალის გამოყენების პირობები






