ეს უცნაური შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა. მეგრელიშვილების საცხოვრებელ სახლში ავეჯს და ნივთებს ხანძარი თავისით წაეკიდა.
ერთადერთი ადგილი, სადაც ცეცხლი არ ჩნდება, ეს ხატების კუთხეა. ანომალიური მოვლენა რუსთავში უკვე გახმაურებულია, თუმცა თავად მეგრელიშვილები ამის შესახებ მედიასთან არ საუბრობენ.
მეზობლების განცხადებით კი, ცეცხლი მხოლოდ ორ ოთახში – საძინებელსა და სამზარეულოში ჩნდება.
ეს ფაქტი რუსთავის სახანძრო სამსახურშიც დაადასტურეს და კონკრეტული რიცხვიც დაასახელეს, როდესაც მეგრელიშვილების ოჯახში გამოძახებაზე უკანასკნელად მივიდნენ:
„დიახ, ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილია. მეგრელიშვილების საცხოვრებელ სახლში პირველად 25 მაისს გამოგვიძახეს. როდესაც ჩვენი ბრიგადა მივიდა, ცეცხლი სახლის თითქმის ყველა ნაწილს ეკიდა, გარდა ხატების კუთხისა. ამის შემდეგ ამ მისამართიდან გამოძახებები ყოველ დღე გვაქვს, ხანდახან დღეში სამჯერაც. ბოლო გამოძახება გუშინ, 1 ივნისს დაფიქსირდა “, – აცხადებენ სახანძროში.
ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლების განმარტებით, მეგრელიშვილების ოჯახმა რუსთავში საცხოვრებელი სახლი ორი წელია შეიძინა. ისინი ოთხსართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე ცხოვრობენ. სავარაუდოდ, ოჯახში დედა, მამა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
როგორც ირკვევა მომხდარით მთელი სამეზობლო გაოგნებულია, ვერავინ ვერ ხსნის, თუ რა იწვევს საცხოვრებელ სახლში ცეცხლის უნებლიე გაჩენას. მეგრელიშვილების მეზობლის თქმით ხანძრის კერა, ხატების ოთახის გარდა, ყველგან არის.
„როგორც ვიცი, ცეცხლი პირველად ფარდებს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. შემდეგ კარადიდან კვამლი დაინახეს. რომ გააღეს, ის საშინლად აალდა და ყველაფერი დაიწვა. არ ვიცი, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ფაქტი…
ხანძარი დღეში რამდენჯერმე ჩნდება. ბავშვების, ან ოჯახის სხვა წევრების დაუდევრობას გამოვრიცხავ, რადგან არსებობენ ადამიანები, რომელთაც მომხდარი საკუთარი თვალით ნახეს. ვიცი, რომ ოჯახმა მამაო მიიყვანა და სახლი აკურთხებინეს.
კიდევ ერთი ისტორია, რაც გაგებული მაქვს: როდესაც მოძღვარი მეგრელიშვილების სახლს აკურთხებდა, მასთან ოჯახის პატარა წევრი – გოგონა მივიდა და უთხრა, რომ როდესაც ხატი ხელში ეჭირა, ქვემოდან ვიღაცამ ხელი ამოკრა და ის გადააგდებინა. ამის შემდეგ, ხატები ყველა ოთახში დაალაგეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი აღარ გაჩენილა, თუმცა გუშინ ნივთებს ცეცხლი თავისით კვლავ მოეკიდა“ , – აცხადებს მეზობელი.
მეგრელიშვილებმა კი განაცხადეს, რომ თუკი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს გადაწყვეტენ, ჟურნალისტებს თავად დაუკავშირდებიან.
წყარო: kvira.ge
მასალის გამოყენების პირობები






