„ღონისძიებაზე მყოფნი აღნიშნავდნენ, რომ ქართული კულტურა მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და კულტურული შოკი მიიღეს“,- ასე შეაფასეს ირლანდიაში მყოფი ქართველები უცხოელებმა.
შავფაროსანი მებრძოლების მიერ ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე შესრულებულმა რეალურმა ორთაბრძოლებმა, მათმა აღჭურვილობამ და საბრძოლო წარმოდგენამ, სუხიშვილების ცეკვამ და ქართულმა სიმღერამ ირლანდიაში, დუბლინში გამართულ გემების ფესტივალზე სტუმრების განსაკუთრებული მოწონება და დიდი ემოცია გამოიწვია.
როგორც ირლანდიაში მყოფი „შავფაროსნების“ პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე აღნიშნავს, სამი დღის განმავლობაში მაყურებლის ნაკადი არ წყდება.
ირაკლი ქოქოსაძე, შავფაროსნების პრეზიდენტი: წარმოდგენის შემდეგ ბევრი უცხოელი ტურისტი და ადგილობრივი აღნიშნავდა, რომ იშვიათად უნახავთ, რომელიმე ქვეყნის კულტურის, რამდენიმე მიმართულება ასე ერთ სივრცეში, ყველა ხელოვნება ასე ერთნაირად შთამბეჭდავი, საოცარი მუხტის მატარებლი და ლამაზი სანახავი.
აღნიშნავდნენ, რომ ქართული კულტურა მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და კულტურული შოკი მიიღეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე იცნობდნენ საქართველოს და მის კულტურას. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფესტივალს ბევრი ქართველი სტუმროდა თავის ევროპელ მეგობრებთან ერთად. ისინიც ისეთი ამაყები იყვნენ, რომ უდიდესი კულტურის და ისტორიის მქონე ევროპელები მათი ქვეყნის კულტურით ასე მოიხიბლნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლნადიის გემების ფესტივალი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, რომელიც ამ პროექტის ორგანიზატორია“.
ირლანდიის გემების ფესტივალს ყოველწლიურად ერთი ქვეყანა მასპინძლობს, რომელიც თავის კულტურას წარადგენს. ირლანდიური მხარის გადაწყვეტილებით, წელს ამ ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო. ფესტივალის ფარგლებში ქართულ მხარეს XVIII საუკუნის ფრეგატი დაეთმო. ფრეგატის გემბანზე და გემბანის წინ განთავსებულ სცენაზე
ქართული ისტორიისა და კულტურის თემაზე პერფომანსები მოეწყო. ასევე, ფესტივალის სტუმრები გაეცვნენ ქართული რეწვის ნიმუშებს, პარალელურად, ხდება ქართლი სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დუბლინში თანამედროვე ქართული კინოს კვირეულიც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






