ყველასათვის ცნობილია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში პროკურატურა ახორციელებს პიროვნების მიმართ სახელმწიფო ბრალდების წარდგენასა და პოლიციის თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების კანონიერების უზრუნველყოფას. ამ მნიშვნელოვანი ფუნქციებიდან გამომდინარე, პროკურორის საქმიანობა ისეთივე დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორიც მოსამართლისა და ადვოკატის.
საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელისშემშმელელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რეფორმატორთა კლუბს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი მიაჩნია - მთავარ პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია.
ცხადია, მთავარი პროკურორის დანიშვნის ასეთი წესი აჩენს პროკურატურის საქმიანობის პოლიტიზირების რეალურ რისკს კანონის უზენაესობის საწინააღდმეგოდ; მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველა პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს თანამდებობაზე ექსკლუზიურად ნიშნავს მთავარი პროკურორი და კანონით დადგენილია მათი მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარების პრინციპი.
მიგვაჩნია, რომ პროკურატურის რეფორმა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გატარდეს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება გადაეცეს პრეზიდენტს, რომელიც დღეს მოქმედი კონსტიტუციით უპარტიოა ან პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტს. ასეთი წესით დანიშვნის შემთხვევაში, გაიზრდება პროკურატურის ანგარიშვალდებულების ხარისხი. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არათუ გენერალურ პროკურორს, არამედ ფედერალურ პროკურორებსაც (ჩვენთან მოქმედი საოლქო პროკურორების მსგავსი) გენერალური პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით
- უნდა შეიქმნას პროკურატურის საქმიანობის კონტროლის გარე მექანიზმები. ამ მხრივ მიზანშეწონილად ვთვლით იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდას ან სხვა ტიპის დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც გულისხმობს პროკურორების პროფესიული საქმიანობის მონიტორინგს და შესაბამისად დისციპლინური დევნის განხორციელების საკითხების დასმას. გარე მონიტორინგის თვალსაზრისით, ნიშანდობლივია აშშ-ს მაგალითი, სადაც ასეთ ორგანიზაციებს წარმოადგენენ იურისტთა ასოციაციები, რომელთა წევრები ადვოკატებთან ერთად, იმავდროულად არიან მოქმედი პროკურორებიც; კიდევ უფრო დახვეწილია იაპონიის მოდელი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიიდან იქმნება სპეციალური კომისიები, რომლებიც ახორციელებენ საოლქო პროკურატურის საქმიანობის ზედამხედველობას.
ამ კუთხით რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება პროკურატურის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების რისკი და გაიზრდება მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






