მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აქციას მართავენ. ისინი მთავრობისგან რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას ელოდებიან.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „თეატრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტმა მარიამ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გამოეხმაურება.
„ჩვენი მოთხოვნები ელემენტარულია და გვინდა ამ მოთხოვნებს გამოეხმაუროს მთავრობა. ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ მოხდეს სტატუსის გამიჯვნა სიღარიბის ზღვარს მიღმა, რადგან მათ აქვთ დახმარება მხოლოდ იმ შემთვევაში თუ ისინი არიან სოციალურად დაუცველები. ასევე მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების სტატუსის გამიჯვნა და კომპენსაციის ანუ პენსიის მატება საარსებო მინიმუმამდე. რაც დღეს მათ შემოსავალი აქვთ, ამით შეუძლებელია მათთვის საკვების, წამლის თუ პამპერსების შეძენა. შემდეგი მოთხოვნებია მარჩენალდაკარგული და მარტოხელა მშობლებისთვის კომპენსაცია და იშვიათი დაავადებების ნუსხის გაზრდა. ზოგი დაავადება ძალიან მძიმეა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვა დაავადებებთან ერთად ერთ ჯგუფში ერთიანდება. აუცილებელია მოხდეს შშმ პირებისათვის საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე ტენდერის მეშვეობით გადაცემა. ასევე აუცილებელია თვეში ერთხელ მთავრობასთან შეხვედრების გამართვა იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა“, - განაცხადა მარიამ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, აქცია 12 საათზე დაიწყო, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.
„12 საათიდან აქ ვართ და მოვითხოვთ ვინმე საქმეში ჩახედული პირი ჩამოვიდეს, თუმცა არავინ გვეხმაურება. ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ, სანამ პასუხს არ მივიღებთ. არიან მშობლები, რომლებიც შიმშილის დაწყებას აპირებენ“, - განაცხადა მარიამ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






