,,ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ ქვეყნის მომავალი თაობა,რომლებმაც უნდა დავიცვათ წარსული და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის, ვართ აღშფოთებულები, გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები. მესამე დღეა აბიტურიენტები ვსაუბრობთ გამოსაშვები გამოცდების სისტემის გაუმართაობასა და მრავალგვარ დარღვევებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს არც რესურს ცენტრი და არც განათლების სამინისტრო არ პასუხობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელის საშუალებით გავერთიანდეთ და ოფიციალური განცხადებით მივმართოთ რესურს ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაია მიმინოშვილსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს,რათა მივიღოთ ამომწურავი პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც გაგვაჩნია.
პირველ რიგში, დავიწყოთ პრეტესტით. პრეტესტი ჩატარდა მხოლოდ 3 საგანში, ისტორიაში, მათემატიკასა და ქართულში. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, პრეტესტში არ იყო ინგლისური და თან ზემოთ აღნიშნული ყველა საგნის პრეტესტი ჩატარდა ერთად, რის შესახებაც არ ვიყავით ინფორმირებულები. ასევე არ ვიყავით ინფორმირებულნი პრეტესტის შეფასების დონესთან დაკავშირებით, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, 10-ის ნაცვლად, უმაღლესი ქულა გახლდათ 8,7 რაც ასევე პანიკის საფუძველი გახდა მოსწავლეებისთვის.
რაც შეეხება თავად საატესტატო გამოცდებს, პირველ რიგში, ძალიან არეულად მიმდინარეობს მოსწავლეების დაშვება გამოცდებზე, ძალიან ხშირად ხდება ისე,რომ მოსწავლის საგამოცდო ბარათში მითითებული დროის მიუხედავად, მოსწავლე თავისუფლად ახერხებს გამოცდაზე ადრე შესვლას,რაც ქმნის არეულობას. ეს ყოველივე მიუთითებს დამკვირვებლების არაპროფესიონალიზმსა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე. ასევე დამკვირვებელი ძალიან მწირ ინფორმაცას ფლობს გამოცდების შესახებ, რაც ჩვენი აზრით დაუშვებელი და არასერიოზულია. ასევე ვფიქრობთ,რომ ოთხი გამოცდის ზედიზედ ჩატარება ახდენს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსწავლეზე და იწვევს მისი ნერვული სისტემის დარღვევას. რაც შეეხება მთავარს, პროგრამული ხარვეზები. ძალიან ბევრ სკოლაში გამოცდების დროს მიდიოდა ელექტროენერგია, ინტერნეტი, ჭედავდა პროგრამა, ტესტებში იყო გაპარული შეცდომები. მაგალითად: ზოგ კითხვას ჰქონდა 3 სავარაუდო პასუხი 4-ის ნაცვლად. იყო ასევე იდენტური სავარაუდო პასუხები, რაც, რა თქმა უნდა არანაირად არ შეიძლება იყოს ჩათვლილი ნორმალურად. ასევე მივიჩნევთ,რომ ტესტების სირთულე არ შეესაბამება განათლების დონეს ჩვენს სკოლებში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ,რომ: 1) ოფიციალურად გახდეს ჩვენთვის ცნობილი შეფასების სისტემა. 2) გასწორდეს ხარვეზები ტესტებში. 3) გასწორდეს ელექტროენერგიის პრობლემა. 4) შეიქმნას კომისია და დადგინდეს ტესტების ხარისხი და სისწორე. 5) გამოცდაზე დაშვებულ იქნან,პროფესიონალი და მაქსიმალურად ინფორმირებული დამკვირვებლები. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადავლახეთ ბარიერი და ვინ ჩავიჭერით. ჩვენ ყველა გავერთიანდით ერთი მიზნისთვის. ჩვენთვის მთავარია,რომ გამოცდების პროცესი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ, მინიმალური ხარვეზებითა და სამართლიანად! კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემები და მოთხოვნები ორი დღის ვადით ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ გვსურს, რომ იგივე პრობლემისაგან თავი ავარიდებინოთ მომავალ აბიტურიენტებს და ასევე გვსურს, რომ ხმამაღლა განვაცხადოთ ჩვენი გულისტკივილის შესახებ და გითხრათ, რომ უსამართლობას არ შევეგუებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად! თუ საჭირო გახდა მივმართავთ უკიდურეს ფორმას და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს აქციის სახით. მოვუწოდებ ყველა სტუდენტს და მშობელს იდექით ჩვენს გვერდით,რდგან ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძვით !“, - ნათქვამია აბიტურიენტების წერილში, რომელიც მათ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს პირადად მიწერეს და რომელსაც დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






