,,ჩემი მოსაზრება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
ვიდრე უშუალოდ მოვლენებს შევაფასებდე, მოკლედ აღვწერ თუ რას წარმოადგენს აფხაზეთის საზოგადოება. ეთნიკური აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს სრული კონსესუსი რუსეთთან სტრატეგიული კავშირის უალტერნატივობასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება მთავრობაც და ოპოზიციაც. საქართველოსადმი მცირე პოზიტივიც კი მარგინალიზაციის ტოლფასია, ხოლო გალელი ქართველები აფხაზეთში არიან სრულიად უუფლებონი და მათ აფხაზური ელიტა პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, აფხაზები რუსულ ტერორისტულ ბაზებში უსაფრთხოების გარანტს ხედავენ. აგრეთვე, აფხაზეთში გაბატონებული ანტიამერიკული იდეოლოგია.
აფხაზეთის ამჟამინდელი ეწ პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ბაღაფშის პოლიტიკური ხაზის გამაგრძელებელი იყო. მისი მოღვაწეობის მთავარ მონაპოვართა შორის არის:
1. აფხაზეთის სუვერენიტეტის განმტკიცების მცდელობა (კუნძულოვანი სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის აღიარება, პარტნიორობა იტალიურ ქალაქებთან, კავშირები თურქეთთან, სირიელი აფხაზების რეპატრიაცია და სხვა).
2. რუსული ბაზების ეწ გუანტანამიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ორი დიდი რუსული ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო ჯარებია დისლოცირებული, ოკუპირებულ აფხაზეთს ბაზების ფონზე, მაინც ჰქონდა დამოუკიდებლად ცხოვრების მცდელობა.
3. სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით საქართველოს გვერდის ავლით ევროპელებთან კონტაქტების დამყარება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა სეპარატისტთა ეწ საგარეო საქმეთა მინისტრი, ენათმეცნიერი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც წლების მანძილზე ნიდერლანდებში, ლაიდენის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა და გააჩნია პირადი კონტაქტები ევროპულ აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებთან. ყოველივე ამის კულმინაცია 2013 წელს ევროპარლამენტში გამართული ჩერქეზული დღეები იყო, სადაც ჩერქეზთა ნაცვლად ტრიბუნა აფხაზ სეპარატისტებს დაეთმო.
4. რუსეთთან ინტეგრაცია. ფაქტიურად, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის, კერძოდ კრასნოდარის მხარის ეკონომიკურ დანამატად იქცა. აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტში კრემლიდან წამოსული ტრანშების ხვედრითი წილი საკმაოდ დიდი გახდა.
5. არაოკუპირებულ საქართველოსთან გრძელდებოდა ცივი ომის რეჟიმი, თუმცა არსებობდა გარკვეული არაფორმალური კავშირები. აგრეთვე აღსანიშნავია გალელ ქართველთა მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულება და მათთვის აფხაზეთის ე.წ. პასპორტების მინიჭება, რამაც რადიკალურად განწყობილი სეპარატისტების გაღიზიანება გამოიწვია.
აფხაზეთში გამეფებული კორუფციის, ნარკომანიის, უმუშევრობის, ანქვაბის მიერ ხელისუფლების უზურპირებისა და გალელ ქართველთა პასპორტიზაციის ფონზე იზრდებოდა უკმაყოფილება აფხაზურ მოსახლეობაში. აქტიურობდა რამდენიმე ოპოზიციური გაზეთი, ისეთი როგორც "Чегемская правда", "Эхо Абхазии", "Нужная" და აგრეთვე ოპოზიციური აბაზა-ტვ. აღნიშნული თემების პედალირებას ეწეოდა რაულ ხაჯიმბა, ბესლან ბუთბა, ვიტალი გაბნია და ვეტერანთა გაერთიანება "აარუა". აგრეთვე, წინა პლანზე წამოიწია სეპარატისტთა ახალი გვარდია, რომელთაგანაც აღსანიშნავია ახალგაზრდა პუბლიცისტი თენგიზ აგრბა. ყოველივე ეს დასრულდა იმით, რაც მოხდა გუშინ.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ჩაფრინდა პუტინის კავკასიური პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი, ე.წ. ტექნოკრატი ვლადისლავ სურკოვი. სავარაუდოდ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე ან კოალიციურ მთავრობაზე წავა საუბარი, სადაც ანქვაბის ძალაუფლება შეიკვეცება. შემდგომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუწერელი წესის მიხედვით ბზიფელი ანქვაბი აბჟუელმა უნდა შეცვალოს. (დაუწერელი წესის თანახმად, სეპარატისტთა ლიდერები მორიგეობით ხდებიან აბჟუელი და ბზიფელი აფხაზები). აბჟუელთა შორის, ყველაზე გავლენიანი პირი ამჟამად არის რაულ ხაჯიმბა, რომელიც ანქვაბზე ბევრად პრორუსული და ანტიქართული განწყობით გამოირჩევა. ხაჯიმბას ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსალოდნელია:
1. ოკუპირებული აფხაზეთის ევრაზიის კავშირში ინტეგრაციის დაჩქარება და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების მკვეთრი გატარება.
2. აფხაზეთში რუსული კაპიტალის სრული გაბატონება და არსებული შეზღუდვების გაუქმება, რომელიც არააფხაზზე უძრავი ქონების მიყიდვას ზღუდავს.
3. აგრესიული ანტიქართული პოლიტიკის წარმოება, გალში ქართველთა ტერორის განახლება და ე.წ. აფხაზური პასპორტების კონფისკაცია.
4. აფხაზეთში რუსული სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება“ - წერს კვახაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






