,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ დეკანოზ სერაფიმე დანელიას მიერ მოწოდებულ წერილს, რომელიც სამღვდელოებაში განათლების საკითხთან დაკავშირებულ არა ერთ კრიტიკას, მის ცალმხრივად წარმოჩენის პრობლემას და გამოსავლის ძიების გზებს ეხება.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ სამღვდელოებაში განათლების ნაკლებობის თაობაზე, რასაც ნამდვილად აქვს ადგილი და რაზეც ნამდვილად არის დროულად საზრუნავი. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ შენიშვნების და კრიტიკისა, სამღვდელოების მისამართით რომ გაისმის, მაგრამ ჩემი აზრით, როცა, რაღაც პრობლემაზე ვიწყებთ საუბარს, მარტო პრობლემის დასმითა და ფაქტების კონსტატაციით კი არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა გამოვიკვლიოთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და თუ კეთილი ზრახვა გვამოძრავებს, არსებული ვითარების გათვალისწინებით, თანაგრძნობით უნდა შევეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას.
ყველას მოგვეხსენება, რომ განათლებულობა არ ნიშნავს მხოლოდ დაგროვილ დიდ ცოდნას, არამედ არსებული ცოდნის კეთლგონივრულ გამოყენებას, შინაგან კულტურას, ალღოს, სტერეოტიპებისგან, ვნებებისაგან და წინასწარი განწყობებისაგან თავისუფალი აზროვნების უნარს. შესაბამისად განათლებულობა ადამიანს უპირველესად ავალდებულებს გაგებით მოეკიდოს სხვის ნაკლს და საქილიკო არ გახადოს იგი...
ყველას გვახსოვს ეკლესიური ცხოვრების აღორძინების პირველი წლები, რელიგიური გრძნობების გამოღვიძება და ხალხის მასიური მიბრუნება ეკლესიისკენ. მიბრუნება არა განათლება-გაუნათლებობის კრიტერიუმით, არამედ რელიგიური გრძნობის დაკმაყოფილების შინაგანი წყურვილით. თუმცა, რომელნი ვიყავით მაშინ განათლებულნი სულიერი ცხოვრების საკითხში? ამ გაგებით ჩვენ ხომ თითქმის ყველანი გაუნათლებელნი შვხვდით ცხოვრების ამ გამოწვევას... თუმცა უნდა ითქვას, რომ როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და როგორც ქრისტიანობის გარიჟრაჟზეც მოხდა - აქაც პირველად უბრალო ხალხმა გადადგა ნაბიჯი ქრისტესკენ, განათლებულები კი - უფრო სწორად ისინი, ვისაც თავისთავი განათლებული ეგონა - განზე გადგა და ეჭვით აკვირდებოდა მოვლენებს... ( მცირე გადახვევას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ, როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ჭეშმარიტების წვდომისათვის არა მხოლოდ ცოდნა, არამედ, - უბრალოებაც, ,,გული წმიდა და სული წრფელიც“ ყოფილა საჭირო და მიმაჩნია, რომ უპირველესად ამის ქონას ნიშნავს განათლება.) ამიტომ არც არის გასაკვირი, სასულიერო პირების უმრავლესობა ამ უბრალო ხალხის წრიდან რომ არის გამოსული და მე ვიტყოდი, რომ ეს ფაქტი სწორედ მათ ღირსებაზე მეტყველებს... სხვა საქმეა, შემდგომში როგორ უერთგულებს სასულიერო პირი პირველად არჩეულ გზას და პრინციპებს, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ თითო ოროლა შემთხვევის გარდა, სამღვდელოების დიდმა ნაწილმა, თავის დროზე, სწორედ უბრალოებითა და გულწრფელობით მიანდო თავისი თავი ქრისტეს ეკლესიას და მას მიუძღვნა თავი?
გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა რეჟიმში უწევდათ მაშინ და უწევთ ახლაც ქართველ სამღვდელოებას მსახურება და შრომა. ზრუნვა ეკლესიაზე, მსახურებებზე, მრევლზე, ოჯახზე. დამერწმუნეთ, ამ რეჟიმში საფუძვლიან წიგნიერ განათლებაზე ძნელია ისაუბრო... აქედან გამომდინარე განა გასაკვირია, რომ შესაბამისი სულიერი გამოცდილებისა და განათლების გარეშე, სასულიერო პირმა ვერ დაიცვას წონასწორობა და თავიდან თუნდაც გულწრფელობით დაწყებულ მოღვაწეობის გზას გადაუხვიოს? მე არ ვამბობ, რომ ეს გვამართლებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს პრობლემაზე მსჯელობისას სანამ ,,ავღშფოთდებოდეთ“ გათვალისწინებულ იქნას ყველა დეტალი, -შემამსუბუქებელი და დამამძიმებელიც და არა მხოლოდ ერთი მხარე...
რა შეიძლება გაკეთდეს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად? -ვუკიჟინოთ? შევარცხვინოთ თუ სახალხოდ გავასამართლოთ? დავცინოთ თუ დავემუქროთ? რომ არაფერი ვთქვათ ქრისტიანულ თანაგრძნობაზე და ძმურ სიყვარულზე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასეთი მიდგომა გაუნათლებლობას უფრო უსმევს ხაზს ვიდრე განათლებულობას...
ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ ეკლესია იყოს ერთსულოვანი არსებული პრობლემების მოგვარების საკითხში. მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა, როგორც სხვა მრავალი პრობლემა არ გადაწყდება არც თავისთავად, არც მხოლოდ სახალხო-საჯარო განხილვის გზით, არც მხოლოდ ეპარქიის ან პიროვნული მონდომების დონეზე. ამ საკითხებზე ერთად უნდა იმსჯელოს მთელმა ეკლესიამ. სინოდმა უნდა მოუსმინოს სამღვდელოებას, მათ პრობლებებს, მათ გასაჭირს, გამოიკვლიოს სამღვდელოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. სამღვდელოებამ უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა ქრისტეს და მისი დიდი ოჯახის - ეკლესიის წინაშე და როგორც ოჯახში ხდება ხოლმე, - მხოლოდ ასე, ერთად შეკრებით, ერთმანეთის მოსმენით და სამართლიანი, მამაშვილური ურთიერთგაგებით, იმედია, შესაძლებელი გახდება ჩვენი სხვადასხვა სატკივარის მკურნალობა და თავიდან აცილება.
დეკანოზი სერაფიმე დანელია
მასალის გამოყენების პირობები






