საპატრიარქოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადადგომას აპირებს.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას საპატრიარქოს მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა გავრცელებული ინფორმაციას „არასერიოზული“ უწოდა.
„არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ, ეს უარყოფა არ არის?“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბარში მამა მიქაელ ბოტკოველი.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პატრიარქის სახელით გავრცელდა განცხადება, თითქოს ის გადადგომას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აპირებს.
„მე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია შიოლაშვილი-ღუდუშაური, სრულად ვაცნობიერებ ჩემზე, როგორც ერის სულიერ მამაზე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქზე დაკისრებულ მოვალეობას და პასუხიმგებლობას, ჩემო სულიერო შვილებო თქვენსა და ღმერთის წინაშე, და ვაცხადებ:
ბოლო დროს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სრულად ვეღარ ვახერხებ ვმართო ეკლესია და დავმწყსო მრევლი! ექიმებიც მირჩევენ, დავისვენო. ამიტომ, სამაგალითოდ ვიღებ ჩემი ქრისტესმიერი ძმის, ამჟამად პაპ-ემერიტუსის ბენედიქტეს მათლაც ქრისტესმიერ ქმედებას, და მომავალ კვირას, ჟამის წირვის შემდეგ, მე გადავდგები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის კათედრიდან და თქვენთვის, საქართველოსთვის და ყოველთა ქრისტეანეთათვის გავაგრძელებ ლოცვას ერთ-ერთ მონასტერში, როგორც რიგითი ბერი! ასევე ვაცნობიერებ, რომ ახალი კათალიკოსის არჩევამ შეიძლება გახლიჩოს ეკლესია! ამის გამო, შაბათს გაიმართება წმიდა სინოდის სხდომა, და შევიტანთ შესწორებას საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში - დროებით, ეკლესიის მართვას განახორციელებს წმიდა სინოდი!
გთხოვთ შემინდოთ და ლოცვა ჰყოთ ჩემთვის! მუდამ თქვენზე მლოცველი, მდაბალი ილია, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოს ეკლესიისა. ღმერთს ებარებოდეთ", - ნათქვაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
წმინდა სინოდის სხდომა 3 ივნისს გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები






