რას წერდნენ 26 მაისზე 1928 წელს პარიზში, ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეალიეს.
26 მაისი
,,ეს საქართველოს დღეა...
გატანჯული ჩვენი სამშობლო და მის მეკრდს მოგლეჯილი დედამიწის ოთხ-კუთხივ გაბნეული და მისებრ განაწამები შვილები მისი, ამ დღეს თავს ერთად იყრიან... ერთ ფიქრსა ფიქრობენ, ერთ გრძნობას გრძნობენ, ერთ განსაცდელს განიცდიან, ერთ ლოცვას ამბობენ... მტარვალის დაძლევას, საქართველოს დახსნას და მის დიდებას.
ჭეშმარიტად ეს არის სამშობლოს იდეის სადღესასწაულო დღე; ყველა კერპი და ყველა ურწმუნო დღეს პირქვე ამხია მის წინ. სამშობლოს უკვდავ არსებას მიმწვდარი ქართველობა, დიდებულ ძალას წარმოადგენს 26 მაისს. მოსპობილია სხვადასხვაობა პირთა, ჯგუფთა, წოდებათა, ყველა მორგებულია მიზანში, ყველა შეერთებულია მისწრაფებაში. ყოველვე ეს უძლიერესი საბუთია სამშობლოს საბოლოო მორალური გამარჯვების ქართველთა მოდგმის სამყაროში. ეს სულ ახალი სინამდვილეა. ავადმყოფობა მოხდილია, სული გაჯანსაღებული, მთელი ერი სამშვიდობოს არის გასული...
26 მაისი - ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა, მისი დაკარგვა და მისთვის ბრძოლა - სამივე ერთად!...
ესენი კიდევ სამი უზენაესი მომენტია სამშობლოს ცხოვრებაში. პირველმა ძლივს სამი წელიწადი გასტანა; მეორეს ერთი თვეც არ დასჭირებია, ხოლო მესამე მერვე წელიწადში გადავიდა...
როგორ და რატომ მოხდა ასე?
ამას უკვირდება, ამას არკვევს და ამაზე ბჭობს 26 მაისის იდუმალ ბჭობაში თავმოყრილი ქართველი ერი, სისხლში განბანილი და დაფლეთილი, აოხრებული და მგლოვიარე. უნდა იცოდეს, რა დაგმოს და რას მოსდიოს, რომ უბედურება ააცდინოს და მომავალი მზიანი დაიმკვიდროს.
26 მაისი უდიდებულესი ეროვნული სინდისის სამსჯავროა, სადაც მოსამართლეობს აწინდელი აჩეხილი სამშობლო და მთელი წარსულის საქართველო, ორივე ერთად! აქ იზომება დანაშაულის საფეხურები და იწერება შესაფერი განაჩენები.
ვინაიდან თანასწორობა არც იმგვარ საქმეში არსებობს და ქართველი ერის ატეხილ ტრაღედიას ჰყავს თავისი დიდი ავტორები, მთავარი მსახიობნი და რეგვენი სტატისტები.
და ცხადაჰყო და გამოარკვია განვლილმა ათმა 26 მაისმა, რომ სამშობლოს უფსკრული დანთქავს, თუ მის ბედს ისეთი შეგნება და ნებისყოფა მართავს, რომელიც აღზრდილია და დავაჟკაცებული სამშობლოს იდეის უარყოფაში, ეროვნული დროშის გმობაში, წარსულის მძულვარებაში...
ამ 26 მაისებმა გვითხრეს, რომ დამოუკიდებლობა არ არის ბოდიშით გამოცხადებული დამოუკიდებლობა; რომ თავისუფლება არ არის ტაქტიკის თვალსაზრისით შემონახული თავისუფლება და რომ ფატალურია იმ სამშობლოს დაღუპვა, სადაც მისი კულტი უზენაესად არ მხურვალებს...
26 მაისი ამბობს: ეს იყო და აღარ უნდა მოხდესო;
26 მაისები, ეს არ არის ესთეტიური ჭვრეტის დღეობები;
ეს უმძიმესი გაკვეთილის მოგონებაა; ეს უსაიდუმლოესი ზიარებაა იმ წმინდა სისხლით, რომლითაც მორწყულია სამშობლოს მთა-ველი; ეს გამოძახებაა და დაკითხვა ეროვნული სინდისის; ცოდვათა მონანიება, დანაშაულთა ცნობა, ნაკლთა აღიარება. ეს არის უდიდებულესი შეყრა, მთელი ცოცხალი და გარდასული ქართული სამყაროსი და ბჭობა სამშობლოს გამარჯვებისთვის.
აქ შეიგნეს, რომ საქართველოს აღდგენა არ უწერია, ხოლო აღდგენილ საქართველოს სიმტკიცე და დღეგრძელობა თუ მან ერთიანად არ მოინელა 26 მაისის მთელი ფსიხოლოგიური რეჟიმი.
26 მაისი ეს საქართველოს დღეა...
კარგად გაგებული და დაფასებული ეს 26 მაისი იმას გვეუბნება, რომ საქართველო არასოდეს არ უნდა გაჰყვეს იმ გრძნობათა და აზრთა ღელვას, რომელიც წინ უძღოდა ამ 26 მაისს ან მას თან ახლდა ან მას ზედ მიჰყვა... თუ სურს ბრძოლაში გაიმარჯვოს და გამარჯვების შემდეგ - იყოს ბდნიერი და დღეგრძელი.
ასე გვესმის 26 მაისი, ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ საქართველოსთვის, მისი უკვდავებისთვის, მისი აყვავებისთვის და დიდებისთვის:
გაუმარჯოს დამოუკიდებელ სამშობლოს!“
პარიზი, 1928 წელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალი ,,ახალი ივერია“

მასალის გამოყენების პირობები






