ამჟამად საქართველოს პარლამენტი იხილავს ერთი წლის წინ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მისი ავტორების განცხადებით, აღარ მისცემს სამართალდამცავ ორგანოებს პირთა სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებისა და ვიდეო-გადაღების საშუალებას და მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ახალი დებულება, რომლის თანახმადაც ფარული ტიპის ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმიური მიზნების მიღწევისათვის - ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებათა დასაცავად.
ერთი შეხედვით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შიდა კანონმდებლობაში დანერგვა პროგრესულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს; მაგრამ რეალურად გასათვალისწინებელია, რომ ევროპული კონვენცია იმიტომ კი არ არსებობს, რომ მისი ტექსტი მოვნიშნოთ და კანონებში დავაკოპიროთ, არამედ ადგენს ზოგად სტანდარტს რა შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის პირადი ცხოვრება, ხოლო ეროვნული კანონმდებლობა, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად კონკრეტულად და ამომწურავად უნდა ჩამოთვლიდეს ასეთი მოქმედების საფუძვლებს, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ე.წ ,,შეფასების ზღვარის“ (margin of appreciation) ეგიდით.

გარდა ზემოხსენებული დეკლარაციული ხასიათის წინაპირობებისა, ახალი კანონპროექტი ჩამოთვლის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ისეთ საფუძვლებს, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს:
- ,,ჩადენილია განზრახი დანაშაული“ - კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობა შესაძლებლობას აძლევს გამოძიებას პირის მიმართ განახორციელოს სატელეფონო საუბრების მოსმენა და ვიდეო-გადაღება რეალური საჭიროების გარეშე. წლების წინ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სავალდებულოა გამოძიების დაწყება. დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია საერთოდ არ იყოს საჭირო, ვინაიდან მოცემულ მომენტში იგი აღარ ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას.
ჩვენი აზრით, დანაშაულის ჩადენის ფაქტისა და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია ,,ჩადენილია განზრახი დანაშაულის“ ნაცვლად ფარული საგამოძიებო მოქმედების საფუძვლად მიეთითოს ფორმულირება - ,,არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი ემზადება განზრახი დანაშაულის ჩასადენად ან დაკავებულია ასეთი საქმიანობით ან/და ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას წარსულში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის.”
ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეგლამენტაცია დაიცავს თუნდაც ,,წარსულში დანაშაულის ჩამდენ“ პირს მის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
- ,,პირს, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი ჩადენილ დანაშაულთან“ - პირდაპირი და მითუმეტეს არაპირდაპირი კავშირის არსებობა ჩადენილ დანაშაულთან იმდენად ზოგადი ხასიათის გარემოებაა, რომ ამ საფუძვლით შესაძლებელია ყველა იმ პირის საუბრების მოსმენა და ჩაწერა, რომლის მიმართაც შეიძლება არსებობდეს პირადი, პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა სახის ,,ინტერესი“.
მიგვაჩნია, რომ პირის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი ჯერ კიდევ დაუდგენელ, სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთან არ შეიძლება იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი და ახალმა კანონპროექტმა იგი საერთოდ არ უნდა გაითვალისწინოს.
- ,,პროკურორის შუამდგომლობაში ასევე უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა და რამაც ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა“ - ამ ფორმულირების მიხედვით, პროკურორმა შეიძლება განუცხადოს მოსამართლეს, რომ საქმეზე ჯერ არ ჩატარებულა არანაირი საგამოძიებო მოქმედება, ვინაიდან თუ არ მოუსმინეს კონკრეტული პირის საუბრებს და ოთახში არ დაუმონტაჟეს კამერები, გამომძიებელს არ ეცოდინება თუ ვინ უნდა დაკითხოს, სად უნდა ამოიღოს კონკრეტული ნივთი თუ დოკუმენტი და ა.შ. ასეთი რეგულაციით ადვილი ხდება პროკურორისა და გამომძიებლისათვის მოსამართლის უსაფუძვლო დარწმუნება კონკრეტული პირის მიმართ ჩასატარებელი ფარული მოქმედებების კანონიერებაში.
ვფიქრობთ, რომ მოსამართლის მიერ ნებართვის გასაცემად წარმოდგენილი მასალების სრულფასოვნად და ობიექტურად შეფასების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გამოძიებისა და პროკურატურის დავალდებულება სასამართლოს წარუდგინოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ხელთ აქვთ.
საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა - გამოძიების დაწყებას, ხომ რაღაც ინფორმაცია ედება საფუძვლად და მითუმეტეს კონკრეტული ადამიანის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ნებართვის მოთხოვნას.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებელს ვთავაზობთ შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების ნაცვლად, დააწესოს ნებისმიერი ისეთი მონაცემის წარდგენის ვალდებულება, რომელიც დაასაბუთებს პირის სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ვიდეო-გადაღების საჭიროებას.
რეფორმატორთა კლუბის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ფარულ მოქმედებებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის მტკივნეულ პრობლემას, შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






