ჯანდაცვის სამინისტროში ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მედიკამენტების ფასის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით დავით სერგეენკოს უწყება განცხადებას ავრცელებს.
“მოსახლეობის ჯანდაცვა არის სენსიტიური თემა, ამიტომ ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოიცავს რისკებს მოსახლეობისათვის. მითუმეტეს, გულსატკენია, როცა ინფორმაციის ავტორი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია, რომელსაც ეს საკითხები წესით, უნდა ესმოდეს. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს მედიკამენტების საბაზისო ფასების მონიტორინგს, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი. ამავე დროს ხაზს ვუსვამთ, რომ არასდროს არ ვერევით ფასწარმოქმნის პოლიტიკაში, ამას კერძო კომპანიები თავად განსაზღვრავენ. მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანია, ჯანდაცვის პრიორიტეტების პერიოდული გადაფასება და პაციენტების მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამებით. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ “ავერსის” აფთიაქში (ლეონიძის ქ. №1) შეძენილი მედიკამენტების ფასებსა და დინამიკას, ვწუხვართ, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და რეალური სურათი საპირისპიროა. ამ მედიკამენტების უმრავლესობის ფასები შემცირებულია 2012 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით.
იმედის ვიტოვებთ, მომავალში ანალოგიური კვლევის ავტორები, უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას გამოიყენებენ”, - ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა. მისი თქმით, 2012 წლის ფასებთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. ექს-მინისტრის განცხადებით, ფასების ზრდის მიზეზი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები






