"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ მთავრობა ტელეკომპანია "მაესტროს" კრიტიკული სიუჟეტის გამო არ უნდა კიცხავდეს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობის“ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი შეიძლება მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეფასდეს.
"დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში 18 მაისს გასული სიუჟეტი გააკრიტიკა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სიუჟეტი ტენდენციურ ხასიათს ატარებდა და ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა ისეთი სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი სიუჟეტში დაშვებულ რაიმე ფაქტობრივ შეცდომაზე, არამედ მასში, პრაქტიკულად, ჟურნალისტის დამოკიდებულებაა გაკრიტიკებული. მთავრობის პოზიციით, ჟურნალისტი ცდილობდა შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა, რისი გამყარებისთვისაც მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და "ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა". მთავრობის ასეთი ტონი შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი მედიაგარემო სწორედ იმას გულისხმობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული განსხვავებული და კრიტიკული აზრი მთავრობის თავდასხმის მიზეზი არ ხდება", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






