საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები მთავარ პროკურორს მიმართავენ, საყდრისის საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. ამის შესახებ კომიტეტის წევრებმა კულტურის სამინისტროს ფოიეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათ ასევე კულუტურის მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს. როგორც კომიტეტის წევრები განმარტავენ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილ წერილში ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ აღუდგეს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროსა და RMG GOLD-ის მიერ ჩამოყვანილმა ორმა უცხოელმა ექსპერტმა დადო დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საყდრისი არის უძველესი მაღარო.
"გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტის წევრები ვაპირებთ პროკურატურის მიმართულებით გააქტიურებას. მივმართავთ, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს საყდრისის საქმე და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისი თქმით, საყდირისი-ყაჩაღიანის მაღარო შეგნებულად არის დაზიანებული RMG GOLD-ის მიერ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის გიორგი მიქანაძის თქმით კი, აუცილებელია საქმეში ჩაერთოს გერმანიის საელჩოს მიერ შემოთავაზებული 5 ნეიტრალური ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






