გუშინდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას და მას ,,ისტორიული დღე უწოდა“. პატრიარქმა მრევლს ყოველდღიურად ღვთისმშობლის ლოცვის წაკითხვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს საქართველოს. ,,როდესაც ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი, ამით მეტია პასუხისმგებლობა და მეტი მოგვეკითხება“, - ბრძანა უწმინდესმა.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს "მომეცი", "მომანიჭე", მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის და დიდების შეწირვა. რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე მრევლს გადასცა მეფეების, დედოფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქთა მოსახსენებელი.
მასალის გამოყენების პირობები






