საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, მეწყერმა ავტომობილები მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მდინარის დაგუბებას, ხეობის ლაფით ავსება და ჩარეცხვა ემუქრება. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სამსახურია მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან საგანგებო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მასალის გამოყენების პირობები






