16 მაისს ცესკოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შემოტანილი განცხადების ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომელიც თბილისის მერიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა; განხილვას დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა (,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის საფუძველზე, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 88-ე მუხლით), რომელიც შესაბამის სანქციას ითვალისწინებს.
აღნიშნული ოქმი თანდართული მასალებით შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, თბილისის მერიის პრესსამსახური მედიასაშუალებებში აქტიურად აგზავნიდა ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანიის სააგიტაციო შეხვედრებისა და სხვა აქტივობების შესახებ. ასოციაციის განცხადება საინფორმაციო სააგენტო ”ფრონტნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
მასალის გამოყენების პირობები






