საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ (IAGJ) თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციას და თურქეთის გაზეთების სინდიკატს მოუწოდა , შესაბამისი რეაგირება მოახდინონ აფხაზეთში, თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობით, სოხუმში, 9 მაისს, თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი ატილა სერტელი და 50-ზე მეტი ჟურნალისტი თანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად იყო ჩასული.
ასოციაციის არსებული ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, აფხაზეთში, საქართველოს საზღვრის დაცვის შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით ჩავიდნენ.
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტმა ზვიად ფოჩხუამ თურქ კოლეგებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, აჰმედ აბაკეის (ჟურნალისტთა ასოციაციაციის პრეზიდენტი) და იუგურ გიუჩს (გაზეთების სინდიკატის პრეზიდენტი) სადაც განმარტა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მოხარულია უმასპინძლოს თურქ ჟურნალისტებს, მითუმეტეს, თუ მათი ჩამოსვლა საქართველოს რეგიონებში მედიის განვითარებას ისახავს მიზნად, მაგრამ სტუმრების ჩამოსვლა უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემის და საქართველოს კანონების დაცვით.
"როგორც თქვენ იცით, აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ 1992 წლიდან. ის არ არის აღიარებული დამოუკიდებელ ქვეყნად არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. საქართველოს სუვერენიტეტის და მთლიანობის მხარდაჭერა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოხატა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა. ამ ვითარებაში, თურქული მედიის ვიზიტი ბადებს ნეგატიურ შეგრძნებებს საქართველოში. განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ ვიზიტის შესახებ არ იყო ცნობილი არც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და არც ჩვენთვის - ჟურნალისტთა ასოციაციისთვის", - ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტის ზვიად ფოჩხუას მიმართვაში.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
ასოციაცია მიმართავს თურქ კოლეგებს თხოვნით, გაავრცელონ ინფორმაცია იმ თურქ ჟურნალისტებს შორის, რომლებმაც შესაძლოა არ იციან საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
ასოციაცია ასევე გამოხატავს მზადყოფნას იმუშაოს თურქ კოლეგებთან ოკუპირებულ რეგიონებში მედიის განვითარების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები






