არატრადიციული კომედიის ავტორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
სკანდალური ფილმს ქართველ გეებზე, რომელიც კინოთეატრებში გამოჩენამდე უკვე ძალიან ხმაურიანია, ცოტა ხნით თაროზე შემოდება მოუწევს.
ფილმის „ჩვენ გიჟები ვართ“ პრემიერა 17 მაისს უნდა გამართულიყო.
საგანგებო განცხადება!!!
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, იგეგმებოდა ჩვენი ფილმის, არატრადიციული კინოკომედიის ,,ჩვენ გიჟები ვართ" პრემიერა. ფილმის გადაღებები, რომლის სცენარიც ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწერა, ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზების გამო არაერთხელ გადაიდო. მისი გადაღებების დაწყება 2014 წლის თებერვალში მოხერხდა. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ფილმს არანაირი დაფინანსება არ გააჩნდა და გადაღებები მიმდინარეობდა ძირითადად გადამღები ჯგუფის წევრების ენთუზიაზმის ხარჯზე. თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მას შემდეგ რაც 2014 წლის იანვარში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა ჩვენი ფილმის შესახებ, სხვადასხვა ორგანიზაციების და კერძო პირების მიერ ჩვენს წინააღმდეგ აგორდა ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან. ჩატარდა საპროტესტო აქციები იმ ფილმის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჯერ არავის ჰქონდა ნანახი. აგრეთვე ხდებოდა ზეწოლა და მუქარები პირდაპირ ჩვენი მისამართით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფილმის გადაღებებისათვის.
აღნიშნული კამპანია განსაკუთრებით აქტიური და აგრესიული გახდა ბოლო დღეებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ფილმის ეკრანებზე გამოსვლა 17 მაისს ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს დიდი პროვოკაციის და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზად, რაც ავტომატურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და მის სწრაფვაზე ევროინტეგრაციის გზაზე“.
აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და არასასურველი გადაწყვეტილება, ფილმის ,,ჩვენ გიჟები ვართ" პრემიერა 2014 წლის 17 მაისს აღარ შედგეს. ბოდიშს ვუხდით საზოგადოების იმ ნაწილს, რომლიც მოუთმენლად ელოდებოდა ფილმის ეკრანებზე გამოსვლას.აგრეთვე ბოდიშს ვუხდით მთელ გადამღებ ჯგუფს.
ფილმის პრემიერა შედგება უკვე ევროპულ საქართველოში." - ნათქვამია ფილმის რეჟისორის ოთარ მიქელაძისა და ფილმის პროდიუსერის დავით ბეჟიტაშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






