„ხვალ 13 მაისს გორის ბაზრის დემონტაჟი დაიწყება“,- აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტს“ ბაზრის დირექტორმა გოგი ბოჭორიშვილმა აცნობა. ბოჭორიშვილის თქმით, დემონტაჟის შედეგად უნდა დაინგრეს ქალაქის ცენტრში, ბაზრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. ბაზრის დირექტორი ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილ მოვაჭრეებს მოუწოდებს დაუყონებლივ დატოვონ ტერიტორია, რადგან აღნიშნული კერძო საკუთრებაა. იგი მოვაჭრეებს ახლად გახსნილ ბაზარში გადასვლას სთავაზობს. მოვაჭრეები კი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და მათ არც ახალ ბაზარში გადასვლა სურთ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველ ღამით მორიგეობენ, რათა მათ მიერ გაშლილი სავაჭრო ადგილების დარბევა არ მოხდეს.
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენს დაშლას დააპირებენ კარგი ამბები არ მოხდება“,- აცხადებენ „ნიუპოსტთან“ საუბრისას გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც ქალაქის ცენტრში ძველი ბაზრის ტერიტორიაზე რამოდენიმე კვირის წინ თვითნებურად შევიდნენ და ვაჭრობა დაიწყეს. ისინი ახალ ბაზარში გადასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობენ და აღნიშნავენ, რომ ახალი ბაზარი ქალაქ გარეთ არის და იქ მომხმარებელი არ დადის.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






