რამდენიმე დღეში საქართველოს უკრაინელი მილიონერი ნიკოლაი ლატანსკი ეწვევა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებთან დამეგობრებული და ორიგინალური ტრეინინგებით განთქმული ლატანსკი, როგორც ცნობილია სასწაულებს ახდენს.
ის ასწავლის ადამიანებს, როგორ გათავისუფლდნენ ნეგატივისგან, აივსონ დადებითი ემოციებით, რადიკალურად შეცვალონ ცხოვრება და მიაღწიონ წარმატებას.
ნიკოლაი ლატანსკის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორი თამარ საგინაშვილი გახლავთ. ამ ქალბატონის მიზანია საქართველოში ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს წარმატებისკენ, სწორედ ამას ემსახურება საკუთარ გამოცდილებებზე აგებული მისივე წიგნი „სამასმეერთე მილიონერი“. ამჯერად ქალბატონ თამარს „ნიუპოსტი“ ლატანსკისთან დაკავშირებით გაესაუბრა: „ გარდა ცოდნის გადმოცემისა, ნიკოლაი ძლიერი მოტივატორი და პოზიტიური გარემოცვის შექმნის დიდოსტატია“, - განაცხადა მან „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
თამარ საგინაშვილი: „მისი ტრენინგები პირდაპირ „აიძულებენ“ ადამიანებს ფიქრის და განსჯის ეტაპიდან გადავიდნენ მოქმედებაზე და დაიძრან მკვდარი წერტილიდან“ .
სწორედ ასე აიძულა საკუთარი თავი ერთ დროს მშიერმა ბიჭუნამ, აეხდინა ოცნება და მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოევლო. მერე კი რწმენამ და სიძნელეების დაძლევის სურვილმა, მსოფლიოში ცნობილ მილიონერად აქცია.
„იყო დრო, როცა უნივერსიტეტში სწავლისას საჭმელი მენატრებოდა, - ამბობს ის, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ... ახლა ოცნებების ახდენაში სხვებს ეხმარება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში.
ტრეინინგი 17 -18 მაისს გაიმართება. საქართველომდე იყო უკრაინა, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი... ამ ქვეყნებში ჩატარებულმა ტრეინინგებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. თბილისს კი უკვე მეორედ ეწვევა. „ნიუპოსტი“ თავად ნიკოლაი ლატანსკისაც დაუკავშირდა. უკრაინელმა მილიონერმა თავისი პირველი თბილისური ვიზიტი გაიხსენა. როგორც მისგან შევიტყვეთ, ქართველი მსმენელი ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნის აუდიტორიისგან.
ნიკოლაი ლატანსკი: „როდესაც გასულ წელს თბილისში ტრეინინგი ჩავატარე, დარბაზში დაახლოებით 70-მდე მსმენელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა მომეხერხებინა ქართული აუდიტორიისთვის. სხვა ქვეყნების მსმენელისაგან განსხვავებით, მონაწილენი ერთმანეთთან სისტემატიურად საუბრობდნენ, ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს აზრებს ეკითხებოდნენ, მივხვდი რომ ემოციურ ქართველებს დიდხანს ჩუმად ჯდომა არ შეეძლოთ... გამოგიტყდებით 30-40 წუთი ვფიქრობდი თუ როგორ შევძლებდი ამგვარ აუდიტორიასთან მუშაობას. ცოტათი შევშინდი კიდეც... ბოლოს, გენიალურმა ფიქრმა გამიელვა, გამახსენდა, რომ სიმღერა გიყვართ ძალიან და გავაკეთე სავარჯიშო, რომელიც თბილისის გარდა არსად გამიკეთებია. შევარჩიეთ სიმღერა „თბილისო“ და გადავწყვიტეთ ეს სიმღერა სწორედ მაშინ გვემღერა, როცა ჯგუფი ძალიან ახმაურდებოდა. შედეგი მალევე მივიღეთ. როცა მსმენელები ახმაურდებოდნენ, მე უკვე არაფერს ვამბობდი, უბრალოდ ირთვებოდა „თბილისო“ და ჩვენც ვმღეროდით. პირველი დღის ბოლოს მონაწილეთა უმეტესობა, როდესაც ვინმეს ჩურჩულს მოკრავდა ყურს, წამოიძახებდნენ „თბილისო“ და ჩურჩულიც მალევე წყდებოდა. მეორე დღეს სიმღერა პრაქტიკულად არ დაგვჭირვებია... საერთო ჯამში კი ძალიან თბილი დღეები იყო. საქართველოში ერთი კვირა დავყავით და სავსე შთაბეჭდილებით დავტოვეთ ქვეყანა. რამაც ყველაზე ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს ქართველებისთვის დამახასიათებელი გადახვევაა. მსოფლიოში ბევრად განსხვავებულად ეხვევიან ერთმანეთს, გადახვევისას თავებს ისე მიადებენ, რომ მარჯვენა ყური მარჯვენას ეხება. საქართველოში კი გულით ეხებიან და გულით ეხვევიან ერთმანეთს. გადახვევის ამგვარ, ასე ვთქვათ, სწორ ფორმას, ჩვენ ყოველთვის ვასწავლით ჩვენს ტრენინგებზე, რადგან ასე ადამიანები პოზიტივით და ენერგიით ავსებენ ერთმანეთს. თქვენ კი, ჩვენდა გასაოცრად, თურმე ისედაც ასე ეხვევით ერთმანეთს. ძალიან გვიხარია, რომ იმალე ისევ თბილისში ვიქნებით და ისევ შევხვდებით ქართველებს“.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






